„ბიბისი“ - ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი
„ბიბისი“ - ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა აშშ-ში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. 46 წლის აფროამერიკელი მოქალაქე მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. ვიდეო, რომელშიც 44 წლის სამართალდამცველი დერეკ შოვინი კისრის არეში მუხლით აწვება ჯორჯ ფლოიდს მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა ნახა. პოლიციის ძალადობისა და რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიმართა.

ჯორჯ ფლოიდი ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში დაიბადა. ის იმ უბანში გაიზარდა, რომელიც ფერადკანიანთა თემის ცენტრად მიიჩნევა და ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ამავე უბანში გაიზარდა ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბიონსე. აქ მღეროდა კანადელი რეპერი დრეიკი და 1990-იან წლებში თავად ჯორჯ ფლოიდიც, რომელიც ერთ დროს ჰიპ-ჰოპ ჯგუფის წევრი გახლდათ.

თუმცა, ისევე, როგორც თითქმის ყველა ამერიკულ ქალაქში, ჰიუსტონშიც იყო სიღარიბე, რასობრივი დაყოფა და ეკონომიკური უთანასწორობა. 1920-იანი წლებში სეგრეგაციით დაზიანებულ უბანში ბოლო წლებში ხშირი იყო ძალადობა და დაძაბულობა. მწვავედ იდგა საცხოვრებლის პრობლემაც.

ფლოიდი ნიჭიერ სპორტსმენად იზრდებოდა. სიმაღლეში 1.95 სანტიმეტრს აღწევდა. მეგობრები, რომლებიც ფლოიდს ბავშვობიდან იცნობენ, აცხადებენ, რომ ის ცნობილი იყო ზედმეტსახელით „ნაზი გიგანტი“. ფლოიდი თამაშობდა კალათბურთს და ამერიკულ ფეხბურთს. 1991 წელს მონაწილეობდა ტეხასის შტატის შიდა ჩემპიონატშიც. ის ჯონ ეიტსის სკოლის საფეხბურთო გუნდში ირიცხებოდა. შემდეგ კი ფლორიდის შტატში, ეივონ პარკში მდებარე ჩრდილოეთ კაროლინას კოლეჯში კალათბურთელი გახდა. ის ტეხასში სწავლის დასასრულებლად დაბრუნდა, მაგრამ უნივერსიტეტის ხარისხი არ მიუღია.

ამის შემდეგ ჯორჯ ფლოიდის ცხოვრებაში ნეგატიური პერიოდი იწყება. ის რამდენიმეჯერ იყო დაკავებული ქურდობისთვის და ნარკოტიკების მოხმარებისთვის. კულმინაციად მიიჩნევა 2007 წელი, როდესაც ფლოიდს ძარცვისთვის ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ფლოიდი სასჯელაღსრულების ადგილობრივი სამინისტროს რეინტეგრაციის პროგრამაში მონაწილეობდა.

როგორც ფლოიდის ოჯახის წევრებმა ჰიუსტონის მედიას უთხრეს, ფლოიდი 2018 წელს ჩავიდა მინესოტაში. ეს მას ქრისტიანულ საქველმოქმედო ორგანიზაციის პროგრამაში დასაქმებულმა მეგობრებმა ურჩიეს. როგორც ფლოიდის მეგობრები ყვებიან, ის „ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებდა“. მინესოტაში ფლოიდი საქველმოქმედო ორაგანიზაციაში დაცვის სამსახურში მუშაობდა. შემდეგ იყო სატვირთოს მძღოლი და დაცვის თანამშრომელი ერთ-ერთ ღამის კლუბში, სადაც მას „დიდ ფლოიდს“ ეძახდნენ. ისევე, როგორც სხვა ბევრმა ამერიკელმა, ფლოიდმაც სამსახური კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკარგა.

ფლოიდის დაკავება

როგორც ცნობილია, ფლოიდის დაკავების დროს ის სიგარეტის ყიდვას ყალბი 20-დოლარიანით შეეცადა. ამის შესახებ პოლიციას თინეიჯერმა გამყიდველმა შეატყობინა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მაღაზიის გამყიდველმა პოლიციას უთხრა, რომ ფლოიდი სავარაუდოდ ნასვამია და თავს ვერ აკონტროლებს.

ამასთან, როგორც „ენ-ბი-სისთან“ ინტერვიუში მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, ფლოიდთან მას პრობლემები არასდროს ჰქონია. თუმცა, ინციდენტის დროს ის ადგილზე არ იმყოფებოდა. 911-ში განხორციელებული ზარის შემდეგ, ადგილზე მივიდა ორი პოლიციელი. ამ დროს ფლოიდი ორ პირთან ერთად ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანაში იჯდა. მანქანასთან მიახლოების შემდეგ, ერთ-ერთმა პოლიციელმა, თომას ლეინმა იარაღის მუქარით უბრძანა ფლოიდს, ხელები აეწია. ამასთან, პროკურატურა ვერ ხსნის, რა საჭირო იყო იარაღის გამოყენება. შემდეგ პოლიციელმა ფლოიდი მანქანიდან გადმოიყვანა. გამოძიების ცნობით, ხელბორკილის დადების დროს ფლოიდი აქტიურად უწევდა წინააღმდეგობას სამართალდამცველებს. თუმცა, ამის შემდეგ ის პოლიციას დაემორჩილა და ლეინმა მას განუმარტა დაკავების მიზეზი. დაპირისპირება სავარაუდოდ მაშინ დაიწყო, როდესაც პოლიციელებმა ფლოიდს საპატრულო მანქანაში ჩაჯდომა მოსთხოვეს.

რამდენიმე წუთში ის მიწაზე დავარდა და პოლიციელებს უთხრა, რომ მას კლაუსტროფობია აქვს. ამ დროს ადგილზე მივიდნენ სხვა პოლიციელებიც. მათ შორის იყო დერეკ შოვინი, რომელმაც ასევე სცადა ფლოიდისთვის ეიძულებინა მანქანაში ჩაჯდომა. ამ დროს ფლოიდი მიწაზე დავარდა. მას ხელბორკილები ჰქონდა დადებული. სწორედ ამ დროს თვითმხილველებმა დაიწყეს ინციდენტის მობილური ტელეფონით გადაღება. ეს ვიდეოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ისინი მილიონობით ადამიანმა ნახა. ჩანაწერში ჩანს, რომ დარეკ შოვინმა ფლოიდს თავსა და კისერს შორის არეში მუხლი დააბჯინა. „მე ვეღარ ვსუნთქავ“, – ამ სიტყვებით ფლოიდმა პოლიციელს რამდენიმეჯერ მიმართა.

პროკურატურის მონაცემებით, შოვინი ფლოიდს რვა წუთისა და 46 წამის განმავლობაში აწვებოდა. ბოლო ორი წუთის განმავლობაში ფლოიდი ხმას აღარ იღებს და უმოძრაოდ წევს. თვითმხილველები მოუწოდებენ პოლიციელს, შეამოწმოს დაკავებულის გულისცემა. ერთ-ერთი ოფიცერი ასეც იქცევა.

ამის შემდეგ ჯორჯ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ერთ საათში ოჯახს მისი სიკვდილის შესახებ შეატყობინეს.

მასალა მომზადებულია „ბიბისი“-ს მიხედვით.