„ბიბისი“ - სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ფონზე, მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ფასი ეცემა
სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ფონზე, მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ფასი ეცემა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე, დილიდან ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსების ფასი, რაც არის გლობალური ბაზრის მთავარი საორიენტაციო ნიშანი, 3%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო საფქვავი ხორბლის – 4%-ზე მეტით დაეცა.
შეგახსენებთ, დღეს სტამბოლში გაერო-ს და თურქეთის შუამავლობით უკრაინამ და რუსეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი. უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა გაერო-სა და თურქეთთან ერთად დოკუმენტებს ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინული მხარის კონტროლის ქვეშ რჩება ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტები, რომელთა მეშვეობითაც მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდება. ამ პორტებში სხვა გემების არსებობა, გარდა იმ გემებისა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული საკვები პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტი, არ არის გათვალისწინებული. რუსეთი იღებს ვალდებულებას, არ დაესხას თავს პორტებსა და ხომალდებს. თურქეთი გაერო-ს მხარდაჭერით უზრუნველყოფს ხომალდების შემოწმებას, რათა არ მოხდეს მათი საშუალებით იარაღის ტრანსპორტირება.