თურქეთმა, უკრაინამ და რუსეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმებას ხელი ცალ-ცალკე მოაწერეს.

თავდაპირველად, დოკუმენტს ხელი მოაწერა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ. შემდგომ კი, ანალოგიურად, დოკუმენტს ხელი მოაწერა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.

როგორც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ეს შეთანხმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ასევე მრავალი განვითარებადი ქვეყნისთვის, რომლებსაც შიმშილი ემუქრება. გუტერეშის თქმით, ხელმოწერილი შეთანხმება შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა მისი გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

დოკუმენტის მიხედვით, უკრაინული მხარის კონტროლის ქვეშ რჩება ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტები, რომელთა მეშვეობითაც მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდება. ამ პორტებში სხვა გემების არსებობა, გარდა იმ გემებისა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული საკვები პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტი, არ არის გათვალისწინებული. რუსეთი იღებს ვალდებულებას, არ დაესხას თავს პორტებსა და ხომალდებს. თურქეთი გაერო-ს მხარდაჭერით უზრუნველყოფს ხომალდების შემოწმებას, რათა არ მოხდეს მათი საშუალებით იარაღის ტრანსპორტირება.