„ბიბისი“ - შეუძლია თუ არა ქართულ ღვინოს, გადაიბიროს მსოფლიო ღვინის მომხმარებლები
შეუძლია თუ არა ქართულ ღვინოს გადაიბიროს მსოფლიო ღვინის მომხმარებლები, – სტატიას ამ სათაურით მსოფლიოში ცნობილი გამოცემა ბი-ბი-სი დღეს აქვეყნებს.
სტატიაში საუბარია, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა, სადაც ღვინის წარმოება 8 000 წლის წინ დაიწყეს და სადაც უნიკალური ღვინოები იწარმოება. ავტორი ეწვია ქართული ღვინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიას, სადაც 2 000-ლიტრიანი ქვევრებიდან ღვინოც დააგემოვნა.
„საუკუნეების განმავლობაში მეღვინეობა ქართული ეკონომიკის უმთავრესი შემადგენელი იყო, ხოლო ღვინის ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთში მიემართებოდა“, – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი მიუთითებს, რომ 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ, საქართველომ ახალი პარტნიორების ძებნა დაიწყო და ამჟამად ქართული ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 55 ქვეყანაში ხორციელდება.
„2013 წელს რუსეთში ექსპორტის განახლების შემდეგ, რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 62 პროცენტამდე შემცირდა“, – ნათქვამია „ბიბისის“ სტატიაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, სააგენტოს ძირითადი აქცენტები მიმართულია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებისკენ.
„ჩვენ არ ვართ დიდი სახელმწიფო, ჩვენი წარმოების მაქსიმალური მოცულობა წლიურად 300 მილიონ ბოთლს შეადგენს, რაც ავსტრალიის ერთი დიდი ღვინის საწარმოს პროდუქციის ტოლია. ჩვენ სიდიდით კონკურენციას ვერ გავუწევთ საფრანგეთს, ესპანეთს, ჩილესა და სამხრეთ აფრიკას, თუმცა რისი შეთავაზებაც შეგვიძლია, არის უნიკალურობა, ჩვენი ყურძნის ჯიშები და ქვევრის ღვინო – ჩვენი ისტორიაა. ახლა ჩვენი სტრატეგიული ძალისხმევა მიმართულია დასავლეთისა და აზიისკენ და ზოგადად, საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციისკენ“, – აღნიშნავს ირაკლი ჩოლობარგია.
სტატიაში ასევე მოყვანილია ამერიკელი ღვინის მაგისტრის, ლიზა გრანიკის შეფასებები, რომელიც აცხადებს, რომ დასავლეთში სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს, დააგემოვნოს და გაიცნოს უძველესი და გამორჩეული ქართული ღვინოები.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.