„ბიბისი“ - სამხედრო გაწვევის არიდების მიზნით, ომის დაწყებიდან უკრაინა 20 ათასამდე მამაკაცმა დატოვა, 21 ათასზე მეტი კი საზღვრის კვეთის მცდელობისას დააკავეს
სამხედრო გაწვევის ასარიდებლად, ომის დაწყებიდან უკრაინა 20 ათასამდე მამაკაცმა დატოვა. შესაბამის მონაცემებს „ბიბისი“ უკრაინის მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, მედიასაშუალების ცნობით, 21 ათასზე მეტი მამაკაცი საზღვრის კვეთის მცდელობისას უკრაინის სამსახურებმა დააკავეს. მათი ნაწილი ქვეყნის დატოვებას მდინარის გადაცურვით ან ფეხით ცდილობდა, ნაწილი – თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბუთების გაყალბებით.
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ უკრაინის დატოვება 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცების უმეტესობას აეკრძალა.
„ბიბისიმ“ გამოითხოვა საზღვრის უკანონო კვეთის მონაცემები მეზობელი რუმინეთიდან, მოლდოვიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან და დაადგინა, რომ ამ ქვეყნებში უკრაინიდან 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში უკანონოდ გადავიდა 19 740 მამაკაცი. უკრაინაში სამხედრო გაწვევას არ ექვემდებარებიან მამაკაცები ჯანმრთელობის პრობლემებით, ასევე სამი და მეტი შვილის მამები და ისინი, ვისაც ზრუნვის პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული.
ამასთან, საზღვარგარეთ უკანონოდ გასვლის საკითხზე კომენტარი გააკეთა უმაღლეს რადაში უკრაინის პრეზიდენტის წარმადგენელმა, ფიოდორ ვენისლავსკიმ, რომელიც აცხადებს, რომ პრობლემა სერიოზულია.
„ხელისუფლებას ესმის, რომ ეს მოვლენა არ არის ცალკეული, არამედ ფართოდ არის გავრცელებული. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ კორუფცია ძალიან მდგრადია“, – განაცხადა ვენისლავსკიმ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კორუფციის შემთხვევების შესამცირებლად.
პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ იმ მამაკაცთა რაოდენობა, რომლებმაც უკრაინა დატოვეს ან სცადეს ქვეყნიდან გასვლა, არ აისახება სამხედრო ძალისხმევაზე.
„დარწმუნებული ვარ, უკრაინელების სიმტკიცე და მზადყოფნა, დაიცვან დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება, 95-99%-ს შეადგენს“, – განუცხადა ვენისლავსკიმ „ბიბისის“.