„ბიბისი“ - „ნეტფლიქსში“ აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თავს დაიცავენ სასამართლოში
„ბიბისი“ - „ნეტფლიქსში“ აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თავს დაიცავენ სასამართლოში

„ბიბისი“ ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ სარჩელის შესახებ წერს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, 25-გვერდიან სარჩელში ნათქვამია, რომ „ნეტფლიქსმა“ შეგნებულად მოიტყუა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ ცინიკური და იაფფასიანი მიზნისთვის, რომ სერიალისთვის მეტი დრამატულობა შეეძინა. მედიის ცნობით, „ნეტფლიქსი“ ეცადა, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სერიალის მთავარმა გმირმა შეძლო, მიეღწია იმისთვის, რაც აქამდე არც ერთ ქალს არ მიუღწევია, მათ შორის გაფრინდაშვილს.

ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, სარჩელში აღნიშნულია, რომ 1968 წლისთვის, რა დროსაც მოვლენები ფინალური ეპიზოდისას ვითარდება, ნონა გაფრინდაშვილს 59 მამაკაც მოჭადრაკესთან (ერთდროულად 28 მათგანთან) ჰქონდა ნათამაშები, მათ შორის 10 იმ დროისთვის დიდოსტატის სტატუსს ატარებდა. გარდა ამისა, „ბიბისის“ ცნობით, სარჩელში აღნიშნულია, რომ იმის მტკიცება, რომ გაფრინდაშვილი არასოდეს დაპირისპირებია მამაკაც მოჭადრაკეს, ტყუილი, სექსიზმი და დამცირებაა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს და დღემდე იღებს მონაწილეობას საჭადრაკო ტურნირებში, „ნეტფლიქსისგან“ 5 მილიონი დოლარის კომპენსაციას და სერიალიდან იმ განცხადების ამოღებას ითხოვს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას არასოდეს უთამაშია მამაკაც მოჭადრაკესთან. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „ნეტფლიქსში“ აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თავს დაიცავენ სასამართლოში.

„ნეტფლიქსის“ ცნობით, „ლაზიერის გამბიტის“ გამოსვლიდან 28 დღეში სერიალი 68 მილიონმა ოჯახმა ნახა. სერიალმა ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა და მიმდინარე წელს „ემის“ დაჯილდოებაზე 18 ნომინაციაში არის დასახელებული.

შეგახსენებთ, ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსს“ უჩივლა. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები „ნეთფლიქსისგან“ ზარალის ასანაზღაურებლად სულ მცირე ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ. „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ სასამართლო დავაში ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ამერიკელი და ქართველი იურისტების ჯგუფი იცავს.