„ბიბისი“ - ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებით, გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები განთავსდება
„ბიბისი“ - ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებით, გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები განთავსდება

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ პირველად, აშშ შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გერმანიაში განათავსებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ნატო-ს საიუბილეო სამიტზე იქნა მიღებული.

როგორც „ბიბისი“ წერს, გერმანიაში შეერთებული შტატების შეიარაღების განლაგება 2026 წლიდან დაიწყება.

გერმანიის და აშშ-ის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარია „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებზე და, ასევე, ჰიპერბგერით რაკეტებზე.

ამ რაკეტების ევროპაში განთავსება აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1988 წელს გაფორმებული შეთანმხებით იყო აკრძალული. 2014 წელს აშშ-მა რუსეთი ამ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. 2019 წელს ვაშინგტონი შეთანხმებიდან გავიდა, რასაც მოსკოვის ანალოგიური გადაწყვეტილება მოჰყვა.

ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი „ახალ საფრთხეებს სამხედრო პასუხს გასცემს“. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით ნატო და აშშ რუსეთის დაშინებას ცდილობენ და კონფლიქტის ესკალაციას ახდენენ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ნატო-ს სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის გეგმა მიზნად ისახავს გერმანიისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების წახალისებას, რათა მათ ინვესტიციები დააბანდონ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებასა და შესყიდვაში.