„ბიბისი“ - გაერო-ს განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას „ცოცხალ ფარს“ ორივე მხარე იყენებდა
გაერო-ს განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას „ცოცხალ ფარს“ ორივე მხარე იყენებდა, – „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, მიშელ ბაჩელეტის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიში 25 თებერვლიდან 15 მაისამდე პერიოდს მოიცავს და დამყარებულია გაერო-ს წარმომადგენლების მოხსენებებზე.
მასში ნათქვამია, რომ ომის დაწყებიდან რუსეთისა და უკრაინის ჯარები საცხოვრებელ რაიონებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ, ამ ობიექტებში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე, როგორც ამას საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი მოითხოვს. ე.წ. ცოცხალი ფარის გამოყენება ჟენევის კონვენციით არის აკრძალული.
უმაღლეს წარმომადგენელს მაგალითად მოყვანილი ჰყავს ლუგანსკის ოლქის სოფელ სტარაია კრასნიანკას მოხუცთა თავშესაფარი. მისი თქმით, 2022 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც მოხუცთა თავშესაფარი ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა, ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას ევაკუაციის მოთხოვნით. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ვერ მოხერხდა, რადგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ დანაღმეს მიმდებარე ტერიტორია და გადაკეტეს გზები, მოგვიანებით კი, მოხუცთა თავშესაფარში შევიდნენ.
ბაჩელეტის ინფორმაციით, რუსეთთან დაკავშირებულ შეიარაღებულ ჯგუფებთან ორმხრივი სროლის შემდეგ 71 პაციენტიდან მხოლოდ 22 გადარჩა.
მოხსენებაში ასევე აღწერილია კიდევ ერთი მაგალითი, როდესაც რუსი სამხედროები იმალებოდნენ სარდაფში მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად ჩერნიგოვის რაიონის სოფელ იაგოდნოიეში.
ანგარიშის მიხედვით, სარდაფში 360 მშვიდობიანი მოქალაქე იყო, მათ შორის 74 ბავშვი და ხუთი ინვალიდი. ერთი თვის შემდეგ, გადატვირთულ სარდაფში საცხოვრებლად ელემენტარული პირობების არარსებობის გამო, 10 მოხუცი გარდაიცვალა.
„სამოქალაქო მსხვერპლის დიდი რაოდენობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ნგრევის მასშტაბები კვლავ აჩენს სერიოზულ შეშფოთებას, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმები არ შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. მცირე მასშტაბით, თუმცა ასევე ჩანს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებიც სრულად არ იცავდნენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში“, – აღნიშნავს ბაჩელეტი.