„ბიბისი“ - ეთიოპიაში ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის დროს ქვეყნის არმიის ხელმძღვანელი და გუბერნატორი მოკლეს
ეთიოპიაში ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის დროს ქვეყნის არმიის ხელმძღვანელი და გუბერნატორი მოკლეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
როგორც ცნობილია, გენერალი სეარ მეკანონი და ერთი ოფიცერი დედაქალაქ ადის-აბებაში საკუთარი დაცვის წევრმა მოკლა. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. „ბიბისის“ ცნობით, გენერალი და ოფიცერი ხელისუფლების გადატრიალების მცდელობას აღუდგნენ წინ.
ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ამჰარის რეგიონში კი, არეულობის დროს რეგიონის გუბერნატორი დაიღუპა. ამბაჩევ მეკონენი და მისი მრჩეველი უცნობმა პირებმა მოკლეს. არეულობის დროს მძიმედ დაიჭრა რეგიონის გენერალური პროკურორიც.
ამჰარის რეგიონში ბოლო რამდენიმე წელია ეთნიკური დაპირისპირებები საკმაოდ ხშირად ხდება. ამჰარისა და გუმუზის ხალხებს შორის მრავალწლიანმა დაპირისპირებამ ათობით ადამიანი შეიწირა.