ჩრდილოეთ კორეა რაკეტის შესაძლო გაშვებისთვის ემზადება. „ბიბისის“ ცნობით, ცოტა ხნის წინ გადაღებულ სატელიტურ ფოტოებში კარგად ჩანს, რომ ფხენიანთან ახლოს არსებულ ობიექტზე რაკეტის ან სატელიტის გაშვებისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.
სატელიტურ ფოტოებზე ობიექტი სანუმდონგი არის აღბეჭდილი. წარსულში ბალისტიკური იარაღის ცდების დიდი ნაწილი სწორედ ამ ობიექტზე ტარდებოდა.
ცოტა ხნის წინ, ასევე ცნობილია გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ საჰოეს რაკეტების ობიექტის აღდგენა დაიწყო, რომელიც სატელიტების გაშვებისთვის და ძრავების შესამოწმებლად გამოიყენებოდა. საჰოეს სარაკეტო ობიექტის დემონტაჟი დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრის შემდეგ დაიწყო, თუმცა ჰანოიში გამართული მეორე სამიტის შემდეგ ობიექტზე აღდგენითი სამუშაოები დაფიქსირდა.
ჩრდილოეთ კორეის აქტივობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა. დონალდ ტრამპის თქმით, მას იმედი გაუცრუვდება, თუ აღმოჩნდება, რომ ობიექტებზე არსებული სამუშაოები სარაკეტო ცდების განახლებისთვის არის განკუთვნილი.