„ბიბისი“ - ალპებში მყინვარების დნობის გამო, შვეიცარია და იტალია იძულებული გახდნენ, სახელმწიფო საზღვარი შეეცვალათ
შვეიცარია და იტალია იძულებული გახდნენ, ალპებზე გამავალი სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი გადაეტანათ. ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მყინვარების დნობა გახდა, რამაც იმ მთის ქედების ფორმა შეცვალა, რომლებზეც საზღვარი გადის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ცვლილებები შეეხო ორი ქვეყნის საზღვრის იმ მონაკვეთს, რომელიც მწვერვალ მატერჰორნის ფერდობებზე გადის. ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი ევროპაში, სადაც ცნობილი სათხილამურო კურორტი მდებარეობს.
ორ ქვეყანას შორის საზღვარი ალპებში განისაზღვრება მყინვარული ქედებით ან იმ უბნებით, რომლებიც მუდმივად თოვლითაა დაფარული. ბოლო წლებში მყინვარების ზომების მკვეთრმა შემცირებამ ბუნებრივი საზღვრების გადაადგილება გამოიწვია. საზღვრების გადატანის შესახებ ორმხრივი შეთანხმების პროექტი ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში მომზადდა. დოკუმენტი შვეიცარიამ ოფიციალურად გასულ კვირას დაამტკიცა. როგორც მედია წერს, იტალია ამას უახლოეს ხანში გააკეთებს. შვეიცარიაში განაცხადეს, რომ იტალიასთან საზღვრების გადახედვა ორივე ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს შეესაბამება და ეს დაეხმარება ორ ქვეყანას, დაადგინონ, რომელი სახელმწიფოა პასუხისმგებელი კონკრეტული ბუნებრივი ტერიტორიის მოვლაზე.
როგორც „ბიბისი“ წერს, 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, შვეიცარიულმა მყინვარებმა მოცულობის ოთხი პროცენტი დაკარგეს. შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ქსელი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც რეკორდული დნობა აიხსნება 2022 წლის ცხელი ზაფხულით და 2023 წლის ზამთარში ნალექის, ანუ თოვლის შემცირებით. მეცნიერების თქმით, ზოგიერთი შვეიცარიული მყინვარი ისე სწრაფად დნება, რომ მათი გადარჩენა ნაკლებად სავარაუდოა, თუნდაც გლობალური ტემპერატურის ზრდა პარიზის კლიმატის შეთანხმებით გათვალისწინებული 1.5°C-ის ფარგლებში შენარჩუნდეს.