ბერლინში „ვეფხისტყაოსნის“ პროზაული ვერსიის გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის, „შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი“ პრეზენტაცია გაიმართა.
ორიგინალ ტექსტზე დაყრდნობით, ახალი პროზაული ტექსტის ავტორია ტილმან შპრეკელსენი, ილუსტრაციებზე კატ მენშიკმა იმუშავა.
პრეზენტაციის ადგილად, წიგნის მაღაზია ocelot, not just another bookstore შეირჩა.სპიკერები კი – ზაალ ანდრონიკაშვილი, კატ მენშიკი, ვოლფგანგ ჰიუნერი იყვნენ.
წიგნი გერმანულად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გამომცემლობა Galiani Berlin-მა გამოსცა.
ნაწარმოების კონცეფცია პროექტის „მოგზაურობა რუსთაველის ნაკვალევზე“ ფარგლებში შემუშავდა.
პროექტის ფარგლებში გერმანული გამომცემლობის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
დელეგაციამ საქართველოს რეგიონებში შოთა რუსთაველთან დაკავშირებული გეოგრაფიული ადგილები დაათვალიერა და შეისწავლა, მოპოვებული მასალები კი, გამომცემლისა და ტექსტის ავტორის მიერ დამუშავდა.
წიგნი სხვა უცხოენოვან გამოცემებთან ერთად წარდგენილი იქნება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.