ბერლინში დღეს მმართველი კოალიციის ბედი გადაწყდება. ანგელა მერკელი და ჰორსტ ზეეჰოფერი მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის მოგვარებას უკანასკნელად ეცდებიან. როგორც გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს, ამ შეხვედრაზე არამხოლოდ ორი პოლიტიკოსის, არამედ მმართველი პარტიის „დიდი კოალიციის“ ბედიც არის დამოკიდებული, რომელიც სათავეში მხოლოდ 100 დღეა იმყოფება.
დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას ანგელა მერკელსა და ჰორსტ ზეეჰოფერთან ერთად „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კიდევ 6 წევრი მიიღებს.
გერმანიის კანცლერი და შინაგან საქმეთა მინისტრი დღის პირველ ნახევარში ერთმანეთს ბუნდესტაგში უკვე შეხვდნენ. რის შემდეგაც ანგელა მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ პარტიებს შორის განხეთქილების მოგვარებას საღამოს დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს შეძლებენ.
შეგახსენებთ, მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციების გამო მმართველი ძალა პოლიტიკური განხეთქილების ზღვარზეა. უთანხმოების საფუძველზე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველ ივლისს განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს.