ბენიამინ ნეთანიაჰუმ ანგელა მერკელს ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებისკენ მოუწოდა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ანგელა მერკელს ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებისკენ მოუწოდა

ისრაელი გერმანიას აშშ-ის მიერ, ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა იერუსალიმში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ანგელა მერკელთან ისაუბრა. რუვენ რივლინმა აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესება გლობალური უსაფრთხოების გარანტია.

თავის მხრივ, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ისრაელსა და გერმანიას ერთი მიზანი ამოძრავებთ. ეს ირანის ბირთვული განიარაღებაა. თუმცა ქვეყნებს მისი მიღწევის გზებზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ანგელა მერკელი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. საუბრის თემა კვლავ ირანი იყო.

მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ოფიციალური თეირანის მხრიდან ისრაელისთვის რეალურად არსებობს საფრთხე და ეს ისლამური რესპუბლიკის სირიის კონფლიქტში ჩართვას უკავშირდება.

„უბრალოდ ფაქტი, რომ გოლანის მაღლობთან ახლოს ირანის არმიის ნაწილი არის განთავსებული, უკვე საფრთხეს წარმოადგენს“,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა და დაამატა, რომ სწორედ ამიტომ, ისრაელის მისწრაფებას ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის ხელის შეშლაზე, სოლიდარობას უცხადებს.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ანგელა მერკელს ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებისკენ მოუწოდა.

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელი ად ვაშემის მემორიალურ ცენტრსაც ესტუმრა, რომელიც ნაციზმის შედეგად დაღუპული მილიონობით ებრაელის ხსოვნისთვის საპატივცემულოდ არის აგებული. ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია ანტისემიტიზმს, ქსენოფობიას, სიძულვილსა და ძალადობას უნდა ებრძოლოს.

ისრაელში ოფიციალური ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერს ჰაიფას უნივერსიტეტის დოქტორის საპატიო წოდებაც გადასცეს.