ბერლინში ანტისემიტზმისა და რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ბერლინში ანტისემიტზმისა და რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ანტისემიტზმისა და რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციის გამართვის მიზეზი ქალაქ ჰალეში სინაგოგასთან მომხდარი თავდასხმა გახდა, რომლის დროსაც ორი ადამიანი მოკლეს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში 13 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის ცნობით კი მიტინგზე ექვსი ათასი ადამიანი მივიდა.

დემონსტრაციის ლოზუნგი იყო „სიკვდილი ანტისემიტიზმსა და რასიზმს“. აქციის მონაწილეებმა ჰალეში თავდასხმის დროს გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი, შემდეგ კი მსვლელობით სინაგოგისკენ გაემართნენ.
ანალოგიური აქციები გაიმართა გერმანიის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ჰამბურგში, ფრანკფურტსა და მარბურგში.

თავდასხმა ჰალეში 9 ოქტომბერს მოხდა. 27 წლის მამაკაცმა სინაგოგასთან ორი ადამიანი მოკლა. თავდამსხმელი შტეფან ბ. მალევე დააკავეს. მის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. დაკავებულმა ბრალი აღიარა.