ბერლინალეს პროგრამაში ქართული ანიმაციური ფილმი „ომის იავნანა“ მოხვდა
ბერლინალეს პროგრამაში ქართული ანიმაციური ფილმი „ომის იავნანა“ მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმის ავტორი გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი იანა უგრეხელიძეა.
ნამუშევრის თემა აფხაზეთის კონფლიქტზეა. სურათში ომი ბავშვის თვალით არის დანახული, თავად ფილმის ინსპირაციაც ომგამოვლილი მეგობრები არიან.
იანა უგრეხელიძის პირველი ანიმაციური ფილმის Summer Story-ის პრემიერა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. იანა დაჯილდოვდა როგორც საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი.
ბერლინალე წელს 7-დან 17 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. მაყურებელს ქართული ანიმაციის ნახვა 11 თებერვალს შეეძლება.