ბექა ოდიშარია - ურეიტინგო პარტიებს ვერ მივცემთ დამატებით პლატფორმას, უსამართლოდ გაილანძღოს სასამართლო, რომელიც არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ დადებითად ფასდება
ბექა ოდიშარია - ურეიტინგო პარტიებს ვერ მივცემთ დამატებით პლატფორმას, უსამართლოდ გაილანძღოს სასამართლო, რომელიც არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ დადებითად ფასდება

ვერ მივცემთ საშუალებას, შექმნან დამატებითი პლატფორმა, და ინსტიტუცია, რომელიც არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ დადებითად ფასდება, უსამართლოდ გაილანძღოს ურეიტინგო პარტიებისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, ოპოზიციური სპექტრი მუდმივად პარაზიტირებს ნებისმიერ თემაზე, რომელზეც შესაძლებელია საზოგადოების ყურადღების მიქცევა.

„ხათუნა სამნიძემ თქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეახლა სასამართლოს და კლანს. მგონი, ქალბატონ ხათუნას ეშლება რაღაც-რაღაცები, განსაკუთრებით,  ბოლო ხანებში. ხლება იყო 2004-12 წლებში, როდესაც მოსამართლეები ეახლებოდნენ ხოლმე იუსტიციის მინისტრს, იმავე მთავარ პროკურორს და სხვა ემისრებს, რომლებზეც იყო დელეგირებული მოსამართლეების მართვა, ტერორი და ინსტრუქციების გაცემა. პრემიერის მიბრძანება მოხდა საკონსტიტუციო, დამოუკიდებელი სახელისუფლო შტოს წარმომადგენლების თხოვნით, ექსტრაარაორდინარულ სიტუაციაში და, ვფიქრობ, ხელისუფლება იმისთვის არის ხელისუფლება, რომ გაერკვეს შექმნილ სიტუაციაში, წუხილებში, ურთიერთს გაუზიაროს გარემოებები, გამოიტანოს დასკვნები და გათვალოს სამომავლოდ სამოქმედო ნაბიჯები.

არაერთხელ მითქვამს, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციური სპექტრი მუდმივად, ნებისმიერ აქტუალურ თემაზე, რომლის პედალირებაც ჰიპოთეტურად შეიძლება, შეიძლება საზოგადოების ყურადღების მიქცევა, მასზე პარაზიტირებს, პარაზიტირებს ნებისმიერი ხერხით. ამ შემთხვევაში გადაწყვიტეს, რომ დროებითი საგამოძიებო თუ შემსწავლელი კომისია იქნებოდა მათთვის ერთგვარი საშუალება, რომ დამატებითი ტრიბუნები მოიპოვონ სხვადასხვა არხზე, შეიქმნან პოლიტიკური დღის წესრიგი. აბა, ამ ხალხს სხვა რა საქმე აქვს, ერთი კაცი პარტიაში, ერთი კაცი მომხრე. ოთხი ჰყავს იმ ვაჟბატონს პარტიაში, ოთხი მომხრე. ნუ, ამათ ცოტა მეტი მომხრე ჰყავთ, საარჩევნოდ როგორც ფიქსირდება, მაგრამ ნახეთ, რა შედეგიც გამოიღო 9 აპრილს ამ ტრაგედიასთან, ამავე დროს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებულ დღესასწაულთან ასოცირების მათმა უზნეო ცდამ. თავისი თავი თვითონ გაიბითურეს და შემდეგ ალბათ აქ ნაჭამი სირცხვილის მოსანელებლად პოლონეთში წავიდნენ. ალბათ აქ ვერ ახერხებდნენ ნაჭამი სირცხვილის მონელებას. ჩვენ მათ ვერ მივცემთ საშუალებას, შექმნან დამატებითი პლატფორმა და ინსტიტუცია, რომელიც არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ დადებითად ფასდება, უსამართლოდ გაილანძღოს ამ ურეიტინგო ხალხისგან და პარტიებისგან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ოდიშარიას განმარტებით, რაიმე საფუძველი თუ იქნება მითითებული, მმართველი გუნდი თავად შექმნის საგამოძიებო კომისიას.

„უსაფუძვლო და უსაგნო საკითხების მეტს რას აყენებს ეს ხალხი. პირველი წელი იყო, არ მუშაობდნენ. შარლ მიშელი ჩამოვიდა, შემოგვთავაზა ფორმატი და ასი დღე ხელს არ აწერდნენ. ახლა რაღაცა თემა გამოხტა და როგორც ტურები, უნდათ, რომ შემოესიონ ამ თემას, ქულები ჩაიწერონ. სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, ამ პერიოდის განმავლობაში არ მახსოვს, მე ან რომელიმე ჩემს კოლეგას გაებედოს, დაერეკოს მოსამართლისთვის რაიმე თემაზე, რაიმე ტიპის ჩარევა ან კოლაბორაცია მომხდარიყო. ჩვენ ვუფრთხილდებით ამ ინსტიტუციას, ვაშენებთ, რეფორმებს ვატარებთ. ვიმეორებ, ეს ერთკაციანი პარტიები, ნოლპროცენტიანი რეიტინგებით შეეცდებიან, რომ საქვეყნოდ დააზიანონ, ჩირქი მოსცხონ უსამართლოდ, უსაფუძვლოდ. თუ რამე საფუძველს მიგვითითებენ შინ თუ გარეთ, ჩვენ თვითონ შევქმნით კომისიასაც და სადმე რაიმე მანკიერება თუ არსებობს, თვითონ მივმართავთ, აგერ, უამრავი სტრუქტურაა. მე რომ ავდგე და ნებისმიერ ადამიანს რაიმე ტიპის ბრალდება წავუყენო უსაფუძვლოდ, შემდეგ მოვითხოვო [საგამოძიებო კომისიის შექმნა], ეს ხომ ხელოვნური ამბავია. ხელოვნური შეიძლება ასატანი იყოს მიმდინარე რაღაც წვრილმან საკითხებზე, პოლიტიკურ თამაშებზე, მაგრამ როცა საკითხი შეეხება სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებელ სასამართლოს, დამოუკიდებელი ხელისუფლების შტოს, ჩვენ ამ ხალხს არ მივცემთ უსაფუძვლოდ მისი ნჯღრევის საშუალებას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ამავდროულად, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცენტრის შეფასებით, რომელიც დემოკრატიის მდგომარეობას იკვლევს, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველო დადებითი შეფასებით ისტორიულ მაქსიმუმზეა.

„2012-2022 წლებში საქართველოს მუდმივად აქვს დადებითი შეფასება, განსხვავებით 2004-2012 წლებისგან, როცა მუდმივად  ნოლს ქვევით იყო, წარმოგიდგენიათ, რაზე ვლაპარაკობთ? ასეთი დიამეტრალური განსხვავებაა ორი ხელისუფლების მმართველობის დროს სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებისას. რა თქმა უნდა, არ ველოდებოდით [სანქციების გამოყენებას], სხვათა შორის, მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად, ხალხიც სოლიდარულია. ჩვენს პარტნიორებს მინდა მოვუწოდო, ნუ წარმოუდგენიათ, რომ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია არის და იქ დაქირავებული ადამიანები, ესენი ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ფულს იღებენ ამ აუგ საქმეში, პრაქტიკულად, ერის ღალატში ფულს იღებენ. მათ ფული გამოეყოფათ, რომ ეს ქვეყანა ააშენონ და ისინი ქვეყანას ღალატობენ, მახვილებს ლესავენ და ზურგში არჭობენ იმიტომ, რომ გაიხანგრძლივონ პროექტები. ველზე მომუშავე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ან მათთან შეთანხმებით, რისი დაჯერებაც ძალიან მიჭირს, რომ დონორთან შეთანხმებით ხდებოდეს ეს, ან თავიანთი პარაზიტული ცხოვრების და დღის წესრიგის გახანგრძლივებისთვის განზრახ იტყუებიან, ადემონიზირებენ პიროვნებებს, მოსამართლეებს, ინსტიტუციებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.