ბექა ნაცვლიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ ვლაპარაკობ, ნიკა მელია დღეს „ევროპულმა საქართველომ“ მიატოვა
ბექა ნაცვლიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ ვლაპარაკობ, ნიკა მელია დღეს „ევროპულმა საქართველომ“ მიატოვა

პარლამენტი ჩადგა იმ მდგომარეობაში, როდესაც მან ადამიანის თავისუფლება, არ თავისუფლებაზე გადაწვეტილება უნდა მიიღოს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ.

მისი თქმით, ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას ურთულებს ის, რომ სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს“ წევრები არ იმყოფებიან.

„ძალიან მძიმეა ის ვითარება, პარლამენტი ჩადგა იმ მდგომარეობაში, როდესაც მან ადამიანის თავისუფლება, არ თავისუფლებაზე გადაწვეტილება უნდა მიიღოს. ეს თვითონ ადამიანურად ამ გადაწყვეტილებას ართულებს. ჩემთვის საკმარისი მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი და ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, რომ პროკურატურამ კარგად გამართული დოკუმენტი შემოიტანოს და შესაბამისად, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღოთ. მე ამ გადაწყვეტილებას მირთულებს ის, რომ „ევროპული საქართველო დღეს“ აქ არ ზის. არ ვლაპარაკობ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. „ევროპული საქართველო“ დღეს აქ არ ზის, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე – ნიკა მელიას ტრა*** აკეთებდნენ იმ დღეებში აბსოლუტურად ყველაფერს. ისინი დღეს არ სხედან, ნიკა მელია მათ დღეს მიატოვეს, ეს არის სამწუხარო. ბოდიშს ვიხდი საზოგადოების წინაშე ამ სიტყვისთვის. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ პოლიტიკურად ვერ დავამარცხეთ და ეს უაზრო დიქოტომია რომ არსებობს, პრორუსული, პროდასავლური, უშინაარსო, რომლის შენარჩუნებას ჩვენ ხელი შევუწყეთ და რომლის საფუძველზე ნებისმიერ დეპუტატს შეიძლება მიაკერონ რომელიღაც მარკა, პრორუსულის, პროდასავლურის, ყოველგვარი გააზრებისა და შინაარსის გარეშე. ეს არის კიდევ ამ ქვეყნის დიდი ტრაგედია, რადგან გვახსოვს „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ფილმი, სადაც შესაბამისად, ლევან ბერძენიშვილი, გოგა ხაინდრავა იყვნენ რუსეთის აგენტებად წარმოჩენილი და დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგანან. ეს დიქოტომია არის აბსურდი, რომელიც ანგრევს ქვეყანას და საზოგადოებას.

ძალიან ბევრი რამის გადააზრება გვჭირდება, გვჭირდება მაქსიმალურად სტაბილურობის შენარჩუნება. ერთი წელი, რაც არჩევნებამდე დარჩა, ამ ქაოსში კი არ უნდა წარიმართოს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების დაყენებაში, არამედ წარიმართოს გონივრულ დიალოგში, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და როგორ უნდა ჩავატაროთ 2020 წელს არჩევნები იმ პოლიტიკოსებმა, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ“, –  განაცხადა ბექა ნაცვლიშვილი.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, ნიკა მელიას თხოვნა იყო, არ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას.

სხდომაზე დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ დადგა. საგამოძიებო უწყებამ ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობა მოითხოვა.

ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომამდე დღეს საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.