საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს
საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს

პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.

გადაწყვეტილებას საპროცედურო კომიტეტის ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი წავიდა, ხოლო იურიდიული კომიტეტიდან მომხრე იყო ცხრა, წინააღმდეგი – სამი.

საპროცედურო საკითხთა და წესებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის თანხმობაზე მსჯელობა დილის ცხრა საათიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

დეპუტატებმა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროს ამირან გულუაშვილს მოუსმინეს. მან პარლამენტის წევრებს გააცნო საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 25 ივნისის N013/4 მიმართვა, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ.

კომიტეტების სხდომას ნიკა მელია არ დასწრებია, თუმცა არსებული ინფორმაციით, ის დაესწრება აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.