პარლამენტის სხდომას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ესწრებიან, ნიკა მელია კი სხდომათა დარბაზში იმყოფება
პარლამენტის სხდომას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ესწრებიან, ნიკა მელია კი სხდომათა დარბაზში იმყოფება

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ესწრებიან. თავად ნიკა მელია კი, სხდომათა დარბაზში იმყოფება.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ნიკა მელიას თხოვნა იყო, არ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას.

„ეს არის პოლიტიკური სასამართლო, სადაც ამ წუთებში ნიკა მელიას გასამართლება მიმდინარეობს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სხდომაზე დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ დადგა. საგამოძიებო უწყებამ ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობა მოითხოვა.

ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომამდე დღეს საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.