ბექა ნაცვლიშვილი - მოსამართლეთა მცირე რაოდენობის გამო, შრომითი დავები ნელა განიხილება, ამიტომ დასაქმებულები სამართალს დროულად ვერ პოულობენ
ფრაქციამ „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები“ დღეს მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შრომით დავებზე სულ მცირე ორი სპეციალიზებული მოსამართლე იქნას განწესებული, რადგან მოსამართლეების რაოდენობა ძალიან ცოტაა და შრომითი დავები ძალიან ნელა იხილება, რითაც ძირითადად, დასაქმებულები ზარალდებიან, რადგან სამართალს დროულად ვერ პოულობენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების” წარმომადგენელმა, ბექა ნაცვლიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების კანონი სრულყოფილი არ არის და პირადად მას შენიშვნები აქვს.
„ეს არ არის სრულყოფილი კანონი, ეს არის სამუშაო ადგილებზე შრომის ინსპექტორის უპირობო დაშვების უფლება. მეორე, კანონი ეკონომიკის მხოლოდ რიგ სექტორებზე ვრცელდება და მესამე, ძალიან ბუნდოვანია ამ კანონის შრომით უფლებებზე გავრცელების ბედი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე უსაფრთხო შრომის პირობები“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ადამიანებს, რომლებიც ზეგანაკვეთურად მუშაობენ, სამსახურის დაკარგვის, ხმის ამოღების ეშინიათ და ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას არ იღებენ.
„შესაბამისად, ისინი იძულებული არიან, კონტრაქტით გათვალისწინებულ საათებზე მეტი იმუშაონ და ამაში ანაზღაურება არ აიღონ, რაც იძულებითი შრომაა. ადამიანს იძულებით, ავტომატის ქვეშ ან პასპორტის წართმევის საფუძველზე ვამუშავებთ, თუ სამუშაოს დაკარგვის შიშის საფუძველზე, ორივე შემთხვევაში იძულებითი შრომაა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც “ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების” წარმომადგენელმა აღნიშნა, მძიმე და მავნე სამუშაო პირობებში არსებულ შრომით ურთიერთობებს კანონი მეტნაკლებად დაარეგულირებს, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება.
„სხვა სექტორებში, შესაძლოა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ძალიან მძიმე დაზიანების მყისიერი საფრთხე არ არსებობდეს, მაგრამ შრომით უფლებებთან დაკავშირებული საფრთხეები ყოველთვის არსებობს, რომელიც ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობას ანგრევს. მაგალითად, ადამიანები საცალო გაყიდვის ისეთ სივრცეებში მუშაობენ, სადაც მხოლოდ ქიმიური პროდუქტი იყიდება და განიავება არ არის, ამიტომ ეს ნორმა მძიმე და მავნე სამუშაო პირობებში არსებულ შრომით ურთიერთობებზეც უნდა გავრცელებულიყო“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.