ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პოლიციელების სასამართლო პროცესი გრძელდება
გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ოთხი მოწმე წარმოადგინა, ორი სასაქონლო ექსპერტი და ორი ექსპერტ-ქიმიკოსი.
მხარეების შეთანხმების საფუძველზე, სამი მოწმის დაკითხვა აღარ მომხდარა, რადგან საქმეში არსებული მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები მხარეებმა უდაოდ მიიჩნიეს. პროცესზე მხოლოდ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-ქიმიკოსი ლალი ნიკოლაიშვილი დაიკითხა.
დაცვის მხარე ცდილობდა გაეგო, ბექა ხახუბიას კუთვნილი ავტომანქანის შეჯახების შემთხვევაში სხვა საგანზე დარ ჩებოდა თუ არა კვალი და შეძლებდა თუ არა ამის დანახვას ექსპერტი ჩატარებული საექსპერტო კვლევის ფარგლებში.
საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ, ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116-ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, 2017 წლის 17 მაისს, გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას შვილი ბექა ხახუბია ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.