ბექა იოსელიანი - წითელას იმუნიზაციის მოთხოვნით პაციენტების მომართვიანობა გაზრდილია
წითელას ვირუსთან დაკავშირებით, საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა არა ავადობის, არამედ იმუნიზაციის მოთხოვნის გამო, – ამის შესახებ პირველ არხს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ბექა იოსელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად, კლინიკა გახანგრძლივებულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა, რომელიც იმუნიზაციის კაბინეტის კვირაში შვიდი დღე, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ფუნქციონირებას გულისხმობს.
„რაც შეეხება წითელას გამო პაციენტების მომართვიანობას, გაზრდილია, თუმცა არა ავადობის ხარჯზე. მოსახლეობა მოგვმართავს, რათა ჩაიტაროს იმუნიზაცია და თავი დაიცვას აღნიშნული ინფექციური დაავადებისგან“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
მისი ინფორმაციით, კლინიკამ 80 ბენეფიციარი უკვე აცრა და მუშაობა გრძელდება.
„ჩვენს ბენეფიციარებში ორი დადგენილი დიაგნოზი გვაქვს წითელასთან დაკავშირებით. ორივე ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლის მიმდინარეობაც არ იყო გართულებული. ოჯახის ექიმმა პრობლემის მართვა შეძლო და ისინი მკურნალობას ამბულატორიულ რეჟიმში განაგრძობენ. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, მიმართონ პირველადი ჯანდაცვის ობიექტებს, ოჯახის ექიმებს და ჩაიტარონ იმუნიზაცია, რათა თავი დაიცვან წითელას შემდგომი გავრცელებისაგან“, – აღნიშნა ბექა იოსელიანმა.
ამასთან, წითელას აცრებთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებები შაბათ-კვირასაც მუშაობენ.