ბექა ფერაძე - რესტორნების უმრავლესობა სრულად იზიარებს მოთხოვნებს და ეტაპობრივი გახსნის პროცესს მიჰყვება
შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადბეით, რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა სრულად იზიარებს მოთხოვნებს და მთავრობის მიერ დაანონსებულ ეტაპობრივი გახსნის პროცესს მიჰყვება.
მისივე თქმით, იმ ობიექტების მისამართით, რომლებიც წესს არ დაემორჩილებიან, სანქციები ამოქმედდება.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა სექტორული მიმართულებით ბიზნესთან კომუნიკაციაში. ჩვენ არა მარტო ოფიციალური შეხვედრები გვაქვს მათთან, არამედ პირადი კომუნიკაცია მაქვს, მათ შორის სატელეფონო კუთხით. ვიმედოვნებ, კვირის განმავლობაში ჩვენ კონსესუსამდე მივალთ და ასეთი, რადიკალური ზომები არ იქნება განხორციელებული მათი მხრიდან, ვინაიდან ამის საფუძველი ბუნებრივია, არ არსებობს.
რაც შეეხება, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა დადგება და იმედი მაქვს, ამ დონეზე არ მივა ჩვენი ურთიერთობა, სანქცია ბუნებრივია, იქნება გამოყენებული. ეს არის ფიზიკური პირის მიმართ 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის მიმართ 10 000 ლარის. განმეორება, ამ შემთხვევაში იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ასევე იწვევს დალუქვას და სხვა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მსგავსი ობიექტების მიმართ.
ჩვენ არ შიეძლება ვისაუბრობთ, რომ ეს არის რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა. ეს არის რესტორნების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც მსგავს მოთხოვნებს აყენებენ და ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან ბევრ რესტორანთან კომუნიკაცია, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მათთვის არ არის დღეს პრიორიტეტულად სამუშოების განხორციელების უფლების მიღება, ვინაიდან აქ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პრობლემები წარმოიქმნება. ამიტომ, რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა სრულად იზიარებს მოთხოვნებს და მიჰყვება მთავრობის მიერ დაანონსებულ ეტაპობრივი გახსნის პროცესს და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. არის გარკვეული ჯგუფი, სარესტორნო მომსახურება, რომელიც ამბობს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია გახსნა. ამიტომ, ამ ორი ჯგუფის ინტერესები უნდა იყოს ერთად შეჯერებული. ჩვენ კიდევ ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, შევხვდებით კიდევაც, გვექნება მათთან კომუნიკაცია. ამიტომ, იმედი მაქვს, შაბათს მათი მხრიდან ასეთი რადიკალური ღონისძიებები არ იქნება განხორციელებული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.