ბექა ფერაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს პლატფორმა - Covidpass.moh.gov.ge გააცნო, რომელზეც კოვიდ სტატუსზე ინფორმაციის მიღება არის შესაძლებელი
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდსაშვის ონლაინ პლატფორმა შექმნა.
Covidpass.moh.gov.ge დღეს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.
პლატფორმის მეშვეობით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდ სტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. ბიზნესოპერატორები სწორედ სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ. კერძოდ, კოვიდსაშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ.
შრომის ინსპექციის ცნობით, პლატფორმით ერთი მხრივ, მომხმარებელი სასურველ სერვისს ვირუსის გავრცელებისგან დაცულ გარემოში მიიღებს. მეორე მხრივ კი, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო სივრცე დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის მეტ გარანტიას შექმნის. ე.წ. მწვანე ზონების შექმნა, საბოლოო ჯამში, ბიზნეს სექტორს მდგრად ეკონომიკურ აქტივობაში შეუწყობს ხელს. კოვიდსაშვის აპლიკაციის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, შესაძლოა, სპეციალურად ამ სეგმენტისთვის დღის წესრიგში რეგულაციების შემსუბუქებაც დადგეს. პლატფორმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორს ეტაპობრივად წარედგინება. ბიზნესოპერატორების მხრიდან Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა.
სტატუსის გადამოწმება ამჯერად მხოლოდ ვებგვერდ covidpass.moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი, უახლოეს მომავალში კი, მობილური აპლიკაცია იქნება ხელმისაწვდომი.
„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია, ე.წ. კოვიდსაშვი, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნეს სუბიექტებს, განსაზღვრონ ვიზიტორების კოვიდ სტატუსი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მათ, რომ განისაზღვროს ე.წ. მწვანე ზონები და მწვანე ზონისთვის არ გამოვრიცხავ, ვიმსჯელოთ და საბჭოს წარვუდგინოთ რეკომენდაცია, რომ განსხვავებული პროტოკოლი იყოს დაწესებული. მაგალითისთვის, მოგეხსენებათ, რომ დახურულ სივრცეში არის ექვსი ადამიანის დაშვება ნებადართული და თუ იქნება მწვანე ზონა, არ გამოვრიცხავ, გაიზარდოს და ეს მოთხოვნა აღარ იყოს ასეთი ობიექტების მიმართ, რადგან რისკი იქნება შემცირებული.
ამიტომ ეს პლატფორმა ბიზნესს სთავაზობს მეტ მოქნილობას, მეორე მხრივ მოქალაქეებს სთავაზობს, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში მიიღონ ის სერვისი, რომელიც მათ ესაჭიროებათ. საწყის ეტაპზე ვხვდებით რესტორატორებს, ვინაიდან ყველაზე დიდი გამოწვევა აქ არის ადამიანის მობილობიდან გამომდინარე, ხოლო ეტაპობრივად დაგეგმილია სხვადასხვა სექტორთან მსგავსი ტიპის შეხვედრები და გავაცნობთ მათ ამ აპლიკაციას. პირველი ეტაპი იქნება სარეკომენდაციო ხასიათის, ხოლო წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, საბჭო იმსჯელებს ამაზე.
დღეიდან ეს აპლიკაცია გამოყენებადია, ისინი ეტაპობრივად დაიწყებენ მის დანერგვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სექტორზე იქნება ადაპტირებული. ვხვდებით ბიზნესს, რომ გავაცნოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც ეს პორტალი სთავაზობს მათ. ეს არის პირველ რიგში ბიზნესის ინტერესი, თუ ეს იქნება წარმატებით დანერგილი, რაც არის დადგენილი, მოთხოვნები არ მოეთხოვებათ. ამაზე საბჭო იმსჯელებს, მთავარია, წარმატებით დაინერგოს“, – აცხადებს ბექა ფერაძე.
ფერაძის თქმით, პორტალის მიხედვით, „მწვანე“ სტატუსი მიენიჭება მათ, ვისაც ბოლო 24 საათში გაკეთებული აქვთ სწრაფი კოვიდ ტესტი და პასუხი ნეგატიურია, ბოლო 72 საათის განმავლობაში აქვთ ჩატარებული „პისიარ“ კვლევა და პასუხი ნეგატიურია, ბოლო ექვს თვეში გადატანილი აქვთ კოვიდინფექცია, არიან ორჯერადად ვაქცინირებული.