ბექა ფერაძე - სპორტულ დარბაზებთან დაკავშირებით ძირითად პრინციპებზე შევჯერდით, მათი გახსნა უახლოეს პერიოდში დაიგეგმება
სპორტულ დარბაზებთან დაკავშირებით ძირითად პრინციპებზე შეჯერებულები ვართ, უახლოეს პერიოდში დაიგეგმება მათი გახსნა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სპორტული დარბაზების წარმომადგენლებთან მიმდინარე კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც ის რეკომენდაციები წარედგინებათ, რომლის დაცვაც გახსნისთვის მოუწევთ.
„ეკონომიკის გახსნის პროცესი გრძელდება, რომლის საშუალებაც ჩვენ მოგვცა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ. შესაბამისად, პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ამ კვირაში შევხვდით უკვე სპორტული დარბაზების წარმომადგენლებს, მათთან ერთად განვიხილეთ ის დაბრკოლებები, რაც მათ მოუწევთ და ის სირთულეები, რაც ამ პროცესს შეიძლება თან ახლდეს. ფაქტობრივად, ძირითად პრინციპებზე შეჯერებული ვართ და ამ კვირაში კიდევ გვექნება შეხვედრა და სამუშაო რეკომენდაციებს წარვუდგენთ, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ და უახლოეს პერიოდში დაიგეგმება მათი გახსნა. ეს დამოკიდებული იქნება იმ პროცესზე, რომ ისინი მზად უნდა შეხვდნენ ამას და წინასწარ დაიცვან ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენი მხრიდან იქნება შემუშავებული“, – განაცხადა ფერაძემ.
მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების რისკი სპორტულ დარბაზებში გაცილებით მაღალია, ვინაიდან პირბადის გამოყენება და სხვა პრევენციული ღონისძიებები შედარებით რთულად დასაცავია.
„როცა ეკონომიკის გახსნაზე ვსაუბრობთ, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და რისკის სიდიდის გათვალისწინებით. რისკი ამ კონკრეტულ სექტორთან არის გაცილებით მაღალი, ვინაიდან პირბადის გამოყენება და სხვადასხვა ის პრევენციული ღონისძიებები შედარებით რთულად დასაცავი და აღსრულებადია, ამიტომ ჩვენ ერთად ვმსჯელობთ ბიზნესთან რა უნდა იყოს ის პრევენციული საშუალებები რომლებსაც გამოვიყენებთ.
ჩვენ საგანგებოს პერიოდში დაახლოებით ათი ათასზე მეტი კომპანია შევისწავლეთ პრევენციულად, რათა ბიზნესის გახსნა ყოფილიყო მდგრადი. მომდევნო კვირიდან აქტიურად გავაგრძელებთ მონიტორინგის პროცესს როცა ეკონომიკის გახსნის პროცესი იქნება ფაქტობრივად დასკვნით ფაზაში. კონტროლი ხორციელდება და მასში ჩართულია როგორც შრომის ინსპექცია, ასევე მუნიციპალური სამსახურები, ეკონომიკის სამინისტროს სამსახური და სურსათის ეროვნული სააგენტო. მათთან ერთად ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით განვახორციელებთ სამუშაო ადგილებში კონტროლს. ეს არის იმის გარანტი, რომ შესრულდეს რეკომენდაციები და პრევენცია განხორციელდეს“, – განაცხადა ფერაძემ.