ბექა ფერაძე - შემოწმების თაობაზე შვიდი აუზისა და ცხრა ფიტნესცენტრის მოთხოვნაა დარეგისტრირებული
ბექა ფერაძე - შემოწმების თაობაზე შვიდი აუზისა და ცხრა ფიტნესცენტრის მოთხოვნაა დარეგისტრირებული

შემოწმების თაობაზე შვიდი აუზისა და ცხრა ფიტნესცენტრის მოთხოვნაა  დარეგისტრირებული , – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროში შემოწმების თაობაზე დარეგისტრირებულია შვიდი აუზისა და ცხრა ფიტნესცენტრის მოთხოვნა . შრომის ინსპექცია არის ძირითადი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს პროცესს, ასევე ჩართული გვყავს ადგილობრივი საზედამხედველო სამსახურები მუნიციპალიტეტებში და სურსათის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკის სამინისტრო ასევე, გვეხმარება ინსპექტირების პროცესში. ამიტომ, საკმარისზე მეტია ინსპექტორების რაოდენობა, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდენენ შემოწმებას.

განაცხადები შემოსულია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. რეგისტრაციიდან დაახლოებით ორ დღეში მოხდება ინსპექტირების განხორციელება თითოეულ ობიექტზე და თუ ისინი დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, დაუყოვნებლივ მიიღებენ მუშაობის უფლებას. იმავე სისტემაში, სადაც რეგისტრირდებიან მიენიჭებათ სტატუსი დადებითი, რაც აძლევთ მათ უკვე მუშაობის უფლებას“, – აცხადებს ბექას ფერაძე.

მისივე თქმით, აუზებთან დაკავშირებით, დღესაც ჰქონდათ კონსულტაციები.

„მათ ჰქონდათ რამდენიმე გამოწვევა, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ. ეს შეეხებოდა წყლით განახლებას,  იყო 10 პროცენტი ყოველ 12 საათში. გავითვალისწინეთ მოთხოვნა და ახლა უკვე წყლის ხუთი პროცენტით განახლება მოხდება  24 საათის განმავლობაში, თუმცა ლაბორატორიული კვლევები კოვიდ ბაქტერიებზე, ყოველდღიური სინჯების აღება, ასევე ყოველ 10 დღეში ერთხელ ლაბორატორიული კვლევების განხორციელება არის მოთხოვნა და იმ შემთხვევაში, თუ იქნება სტანდარტიდან ოდნავი გადახრაც კი, უნდა მოხდეს სრული ლაბორატორიული კვლევები. ამიტომ, ეს იქნება მკაცრად გაკონტროლებული. რაც შეეხება სანქცირების ნაწილს, დღეის მონაცემებით, როგორც მოგეხსენებათ ეს არის იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა, თუ რომელიმე ბიზნესი, მეწარმე არ დაიცავს სტანდარტებს, შესაბამისად სანქცირების მექანიზმი შეადგენს 10 000 ლარს“, – აცხადებს ბექა ფერაძე.

ამასთან, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, აკრძალულია სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, თუმცა მოხდება მათ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

„თუმცა, ამასთანავე ვაანონსებთ, რომ უახლოეს პერიოდში, ალბათ, იქნება საბჭოზე მსჯელობა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, დღეის მდგომარეობით, აკრძალულია“, – აცხადებს ბექა ფერაძე.