ბექა ფერაძე - სავაჭრო ობიექტები მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, რათა ნაკადების მართვა გაკონტროლდეს
სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა იმაზე საუბარს, რომ რისკები იყოს მეტად დაზღვეული იმ შემთხვევაში, თუ საკოორდინაციო საბჭო მსხვილი სავაჭრო მოლების 24 დეკემბერს გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს მსხვილი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სავაჭრო ობიექტები მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, რომ ნაკადების მართვა იყოს გაკონტროლებული.
„ამ შემთხვევაში დამატებითი კონტროლის შესახებ ვისაუბრეთ, თუ რა შეიძლება იყოს. მათი მხრიდან არის მზაობა იმისთვის, რომ გამკაცრებული მონიტორინგი განხორციელდეს შიდა სისტემის მიერ. ისინი მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, რომ ნაკადების მართვა იყოს გაკონტროლებული. ასევე, შრომის ინსპექცია სხვადასხვა საზედამხედველო უწყებებთან ერთად იქნება აქტიურად ჩართული მონიტორინგის სისტემაში. დამატებით, ჩვენ რაზეც ვმსჯელობთ და მომდევნო დღეებში ასევე გაგრძელდება საუბარი, კვადრატულობის მიხედვით, ზედა ზღვარი უნდა იყოს დაწესებული, რომ ნაკადები შიდა სივრცეში, სადაც ეპიდემიოლოგიურად არის გავრცელების მეტი რისკი, იყოს შეზღუდული. შესაბამისად, კვადრატულობა თუ რამდენზე იქნება და ზედა ზღვარი რამდენი დაწესდება, ამაზე ჩვენ ბიზნესომბუდსმენთან ერთად გავაგრძელებთ მომდევნო ორი დღის განმავლობაში კონსულტაციებს, თუმცა მზაობა ნებისმიერი მიმართულებით მათი მხრიდან იყო დადებითი და ჩვენ ამ მიმართულებით რაიმე რისკებს ვერ ვხედავთ.
ამიტომ, ორშაბათს ალბათ უკვე ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი, თუ რა იქნება ზედა ლიმიტი კვადრატულობის მიხედვით დაწესებული და ეს იქნება კიდევ ერთი პრევენცია, რათა ჩვენ მოვახდინოთ რისკების დაზღვევა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.