ნათია თურნავა სავაჭრო ცენტრების წამომადგენლებს ხვდება
ნათია თურნავა სავაჭრო ცენტრების წამომადგენლებს ხვდება

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა სავაჭრო ცენტრებისა და რითეილ სექტორის წამომადგენლებს ხვდება. შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურულია.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა განაცხადა, სავაჭრო ცენტრები ყველაზე კარგად მომზადებული ობიექტებია, რათა შესაბამისი ზომების დაცვით გაიხსნას.

„პოზიტიურია, რომ ეს შეხვედრა შედგა. მოლოდინები განსხვავებული გვაქვს წინა შეხვედრებთან შედარებით. ზოგადად, რაც ვიცით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის. ჩვენ დღეიდანვე მზად ვართ გახსნისთვის. შესაბამისი ზომების დაცვის კუთხით, სავაჭრო ცენტრები ყველაზე კარგად მომზადებული ობიექტებია, თუმცა კონკრეტული მექანიზმები და თემები გვაქვს დამუშავებული, რასაც მივაწვდით ეკონომიკურ გუნდს და შესაბამისად, იმედია, დღის ბოლოს უფრო პოზიტიური ინფორმაცია გვექნება.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში სავაჭრო ცენტრებში ვმართავთ ნაკადებს, ანუ ვიცით რომელ კარებში რამდენი ადამიანი შემოდის. ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა საცალო-სავაჭრო ქსელებთან და მოფიქრებული გვაქვს მთელი რიგი მექანიზმებისა, იქნება ეს დამატებითი ფასდაკლებები, იქნება ეს ტრაფიკის რეგულირება, იქნება ეს მაღაზიებს შორის დროების გადანაწილება, ბევრი საკითხი გვაქვს მოფიქრებული, რომელიც მობილობას ამცირებს და ხალხის ერთმანეთთან კონტაქტის რისკს, შესაბამისად ეს ყველაფერი შეთავაზებული გვექნება. თუ არ გაიხსნება დეკემბერში სავაჭრო ცენტრები, დაახლოებით 25 000 ადამიანი იანვრიდან დარჩება სამსახურის გარეშე“, – განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

„ისთ ფოინტის” მარკეტინგის დირექტორმა, თეიკო ლომინაძე აღნიშნა, რომ შემუშავდა დამატებითი მექანიზმები, რათა  სავაჭრო ცენტრში რეკომენდაციების დაცვითა და ეფექტურად მოხდეს მუშაობის აღდგენა.

„ჩვენ, სექტორმა, ძალიან მჭიდროდ ვიმუშავეთ და შევიმუშავეთ გარკვეული დამატებითი მექანიზმები, რომელიც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო ეფექტურად და სრული რეკომენდაციების დაცვით მოვახდინოთ ოპერირება და პრინციპში, ჩვენ მზად ვართ, გახსნისთვის თუნდაც ხვალიდან. ჩვენთან ბოლო კომუნიკაციის დროს ითქვა, რომ 24 დეკემბრიდან გავიხსნებოდით, თუ იქნებოდა გარკვეული პოზიტიური სტატისტიკა და შეინიშნებოდა ვირუსის გავრცელების შენელება. ვხედავთ, რომ ეს შეინიშნება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება და 24 დეკემბრიდან მოგვეცემა ოპერირების შესაძლებლობა“, – განაცხადა „ისთ ფოინტის” მარკეტინგის დირექტორმა.

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ.

„ჩვენ გვინდოდა, რომ 15 დეკემბრიდან გახსნილიყო, მაგაზე ვერ შევთანხმდით. ახლაც ეს პოზიცია გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე გავიხსნათ და არა 24 დეკემბრიდან, ხვალ, ზეგ.

თუ არ შემსუბუქდება შეზღუდვები და არ გაიხსნება ობიექტები, იქნება კოლაფსი დომინოს პრინციპით დაიხურება ძალიან ბევრი ბიზნესი“, – განაცხადა კახა ხაზარაძემ.

როგორც კომპანია „ალტას” წარმომადგენელმა, ნინო ფირცხალავამ განაცხადა, შეხვედრასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

„იმდენად აქტიურად იყო საუბარი იმაზე, რომ მედიკოსები ეწინააღმდეგებოდნენ გახსნას, შიში ამის, რომ არ გაგვხსნიდნენ იყო, რა თქმა უნდა. თუმცა ვინაიდან შეხვედრა დაიგეგმა, შესაბამისად მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ გავიხსნებით. თუ არ გავიხსნებით, ზარალი იქნება კოლოსარული. იმედია, არ მოგვიწევს ამ რეალობასთან შეჯახება“, – განაცხადა კომპანია „ალტას” წარმომადგენელმა.