ბექა ფერაძე - სამუშაო ადგილებზე ფატალური და არაფატალური შემთხვევების რიცხვმა დაახლოებით 30-20 პროცენტით დაიკლო
შრომის ინსპექციის არასრული ერთწლიანი ზედამხედველობის შედეგების მიხედვით, სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების რიცხვმა დაახლოებით 30, ხოლო არაფატალური შემთხვევების მაჩვენებელმა 20 პროცენტით დაიკლო, – ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის, ე.წ. შრომის ინსპექციის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციები განიხილეს, რომელიც სამუშაო ადგილზე ორსული, ახლად ნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობის დაცვის პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
დისკუსიის დროს გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, როგორია შრომის უსაფრთხოების საკითხი მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექცია ამოქმედდა. ფერაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში შრომის ინსპექციის ჩამოყალიბება ფაქტობრივად თავიდან ხდება, არასრული ერთწლიანი ზედამხედველობის შედეგებმა უბედური შემთხვევების რიცხვის 20-30-პროცენტიანი კლება აჩვენა.
„შრომის უსაფრთხოება ის სფეროა, რომელიც 2006 წლიდან მივიწყებული იყო, რადგან სახელმწიფო დერეგულირების პოლიტიკის ფარგლებში გაუქმდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია და თავიდან გვიწევს ჩამოყალიბება. თუმცა, ეს ინსპექცია უკვე თანამედროვე სტანდარტებზე იქნება დაფუძნებული. ალბათ რთულია, ვისაუბროთ შრომის უსაფრთხოებაზე ფაქტობრივად არასრული ერთწლიანი რეგულირების ჭრილში. თუმცა, 1500-ზე მეტი საწარმოს ინსპექტირება-რეინსპექტირება ჩატარდა გასულ წელს და შედეგები საკმაოდ კარგია. ვერ ვიტყვი, რომ ეს ის მაქსიმუმია, რითაც შრომის ინსპექცია უნდა დაკმაყოფილდეს. რეგულაციები და ზედამხედველობა მუდმივად ხორციელდება. თუმცა, უნდა ითქვას, სამუშაო ადგილზე ფატალური შემთხვევების დაახლოებით 30-პროცენტიანი, არაფატალური შემთხვევების კი დაახლოებით 20-პროცენტიანი კლებაა. ეს არასრული ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი შედეგია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისი განმარტებით, ევროკავშირთან დაძმობილების, ე.წ. თვინინგის პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირში მოქმედი 26 დირექტივა უნდა დაამუშაოს და ქართულ კანონმდებლობაში მიიღოს.
„ეს სხვადასხვა მიმართულებას შეეხება და დარეგულირდება აზბესტთან, ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობა, პერსონალური დაცვის საშუალებები. ხშირად გსმენიათ, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სამუშაო ადგილზე არის, მაგრამ არ იყენებენ. რატომ? იმიტომ, რომ სტანდარტი არ არის, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს და ხშირად ეს სამუშაო პროცესისთვის მოუხერხებელია. ჯამში სამი წლის განმავლობაში 26 დირექტივაა“, – განუცხადა ბექა ფერაძემ „ბიზნესპარტნიორს“.