ბექა ფერაძე - სამარშრუტო ტაქსებსა და მიკროავტობუსებზე ზედამხედველობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
სხვადასხვა უწყებასთან ერთად მუდმივად ვახორციელებთ შემოწმების პროცესს, ასევე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ვახდენთ გარკვეულწილად ადგილზე ინფორმაციის მიწოდებას, – ამის შესახებ ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამარშრუტო ტაქსებსა და მიკროავტობუსებზე ზედამხედველობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მიკროავტობუსებს, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ უკვე საკმაოდ აქტიურად ვახდენთ ზედამხედველობას და არ ხდება ავტობუსის დაძვრა, ვიდრე არ გაიკეთებს კონკრეტული მგზავრი პირბადეს, გეგმური შემოწმებისას ხდება ასეთი მგზავრის ჩამოსმა ავტობუსიდან ან შესაბამისი სანქცირების გატარება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ არაერთგზის მოვუწოდებთ სხვადასხვა კომპანიას, დამსაქმებლებს და დასაქმებულებს, რომ ეს არის აუცილებელი მათივე უსაფრთხოებისთვის, ასევე, ზოგადად ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის. სამწუხაროდ, კრიტიკული დარღვევების შემთხვევებიც არის. ასეთი იყო მიმდინარე თვის განმავლობაში ათამდე ობიექტი, სადაც ასევე გამოვიყენეთ სანქცირების მექანიზმი – ეს არის 2 000 ლარი ფიზიკური პირის მიმართ, იურიდიული პირის მიმართ კი 10 000 ლარი“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
ამასთან, ბექა ფერაძემ ისაუბრა აჭარაში სკოლებისა და ბაღების შემოწმებაზე და განმარტა, თუ რას მოიცავს ინსპექტირების პროცესი.
„როდესაც ჯანდაცვის მინისტრის მიერ არის განსაზღვრული გარკვეული რეკომენდაციები და მოთხოვნები, შემოწმების პროცესი მოიცავს, სააღმზრდელო, თუ სასკოლო დაწესებულების მიერ, რამდენად არის მზაობა ამ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. ანუ, რამდენად არის სადეზინფექციო სითხეები, ზოგადად, პროცედურები დანერგილი. ბუნებრივია, ამ მიმართულებით შემოწმებული არის. თქვენ უკვე იცით, აჭარაში სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესი ამ ეტაპზე არ არის სრულად აღდგენილი. შესაბამისად, ეს პროცესი არის მიმდინარე გარკვეულ შემთხვევებში, თუ მივიღებთ მხედველობაში აჭარას, თუმცა მზაობაზეა აქ საუბარი და რომელიც შემოწმებულია, იქ მზაობა აბსოლუტურად არსებობს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.