ბექა ფერაძე - ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საბჭო ყველა ეკონომიკურ აქტივობაზე ეტაპობრივად იმსჯელებს
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ სოციალური ღონისძიებები ვირუსის გავრცელების მხრივ, განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია.
მისივე თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ყველა ეკონომიკურ აქტივობაზე ეტაპობრივად იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით საბჭო ეტაპობრივად იმსჯელებს ყველა ეკონომიკურ აქტივობაზე. უბრალოდ, ლოგიკური და გასაგები მიზეზების გამო, სოციალური ღონისძიებები ამ შემთხვევაში არის განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელი, სტრუქტურულად, ფორმალურად მისი ფუნქციონირება არის ისეთი, რომ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, ვერ ხდება პირბადის გამოყენება, დაყოვნების ხარისხი ძალიან მაღალია, რაც მაღალი რისკია და შეიძლება, გამოიწვიოს ეპიდსიტუაციის გაუარესება. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ამ პროცესს ეკონომიკირად აფასებს, ზრუნავს თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზეც, რაც არის ფასდაუდებელი, რაც სოლიდარულად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, დავაკვირდეთ ამ პროცესს და გაგებით მოვეკიდოთ.
ამიტომ თუ ეპიდემიოლოგიურად სტაბილური ვითარება გვექნება, ცხადია, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ასევე, არსებობს სუბსიდირების არაერთი პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან, მხარდაჭერის ნიშნად. ვაქცინაციის პროცესთან ერთად ეტაპობრივად მოხდება ამ საკითხის განხილვაც. გამიჭირდება, გითხრათ, რომ ეს იქნება პირველი, თუ 2 აპრილი, მაგრამ იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც ეპიდვითარების მიხედვით გვექნება, ცხადია, ამ საკითხზეც ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.