ბექა ფერაძე - ნაკადების მართვა ორგანიზებული იყო, ობიექტების უმრავლესობაში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დღეს დიდი სიზუსტით იყო შესრულებული
ბექა ფერაძე - ნაკადების მართვა ორგანიზებული იყო, ობიექტების უმრავლესობაში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დღეს დიდი სიზუსტით იყო შესრულებული

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ სავაჭრო ობიექტების უმრავლესობაში, რომლებმაც დღეს განაახლეს მუშაობა, რიგები მოწესრიგებული იყო და რეკომენდაციები მაღალი სიზუსტით იყო შესრულებული.

„მთელი დღის მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება, ვთქვათ, რომ საკმაოდ ეფექტურად განხორციელდა პირველი დღე და ნაკადების მართვა აბსოლუტურად ორგანიზებული იყო, რაც გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ რეკომენდაციები, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, დღეს ფაქტობრივად აბსოლუტურ უმრავლესობაში დიდი სიზუსტით იყო შესრულებული“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ობიექტებზე არსებითი ხასიათის დარღვევები არ გამოვლენილა, ამიტომ საჯარიმო სანქცია არ ყოფილა გამოყენებული.

„ინდივიდუალური, მცირე დარღვევები, მართალია, დაფიქსირდა, მაგრამ ეს იყო პირველი დღე და ქცევის მოდელი, თუ როგორ უნდა ყოფილიყო პირველ დღეს, ბუნებრივია, რომ ეს დისკრეციის ფარგლებში იყო სიტყვიერი გაფრთხილებით შემოფარგლული. ამიტომ, ხვალ უკვე დავაკვირდებით, რომ ის დადგენილი წესი, რომელიც დღეს იქნა გაცემული შრომის ინსპექციის მხრიდან, უნდა იყოს აღსრულებული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.