ბექა ფერაძე - გარკვეული პერიოდია საჭირო დასაკვირვებლად, რა შედეგს მოიტანს მობილობის გაზრდა, როცა ვნახავთ, რომ ვითარება არის სტაბილური, საბჭო იმსჯელებს შესაბამის გადაწყვეტილებებზე
ბექა ფერაძე - გარკვეული პერიოდია საჭირო დასაკვირვებლად, რა შედეგს მოიტანს მობილობის გაზრდა, როცა ვნახავთ, რომ ვითარება არის სტაბილური, საბჭო იმსჯელებს შესაბამის გადაწყვეტილებებზე

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, საცურაო აუზებთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა დამატებით უსაფრთხოების ღონისძიებებზე, ასევე მიმდინარეობს კომუნიკაცია სექტორის წარმომადგენლებთან.

ფერაძის თქმით, გარკვეული პერიოდი სჭირდება დაკვირვებას, თუ როგორ აისახება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე სკოლების გახსნიდან გამომდინარე გაზრდილი მობილობა. ბექა ფერაძის განმარტებით, თუ გამოჩნდება, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება არის სტაბილური, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს შესაბამის გადაწყვეტილებაზე.

„დაწყებულია გეგმაზე მუშაობა. ასევე, სექტორთან გვაქვს კომუნიკაცია, ვმუშაობთ დამატებით უსაფრთხოების ღონისძიებებზე. შესაბამისი პერიოდის გასვლის შემდეგ, როდესაც დავაკვირდებით, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება არის სტაბილური, საბჭო იმსჯელებს შესაბამის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ 15 თებერვალს მივიღეთ გადწყვეტილება, რომ გაიხსნას სკოლები მსხვილ ქალაქებში, შესაბამისი პერიოდი სჭირდება დაკვირვებას, რა შედეგის მომტანი იქნება მობილობის გაზრდა. ყოველ ორ კვირაში ერთხელ ვმსჯელობთ, თუმცა თუ იქნება სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარება, არ გამოვრიცხავ, რომ საბჭომ იმსჯელოს განსხვავებულ თარიღზე, მაგრამ თუ მდგომარეობა დამძიმდება, შესაძლოა, მცირედით გადაიწიოს ამა თუ იმ თარიღმა. ამიტომ დღეს კონკრეტულ თარიღზე საუბარი მიჭირს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.