ბექა ფერაძე - დაახლოებით, რამდენიმე ასეულ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ზედამხედველობა, უმრავლეს მათგანზე დაცულია რეკომენდაციები
დაახლოებით, რამდენიმე ასეულ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ზედამხედველობა. უმრავლეს მათგანზე დაცულია რეკომენდაციები, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო, როდესაც მოქალაქეების ნაწილმა დისტანციასთან დაკავშირებული რეკომენდაცია არ დაიცვა.
ფერაძემ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ.
„შრომის ინსპექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დილიდან აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს. ამ წუთის მონაცემებით, დაახლოებით რამდენიმე ასეულ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ზედამხედველობა. ძირითადად, ეს არის პრევენციული ხასიათის. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ დაცული იყოს შესაბამისი დისტანცია და ის პროტოკოლი, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად შემუშავებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. შეიძლება ითქვას, რომ უმრავლეს მათგანზე, სადაც განხორციელდა ზედამხედველობა, დაცულია რეკომენდაციები და არჩევნებში მონაწილეობა მაქსიმალურად უსაფრთხოა.
როგორც იცით, შესვლისთანავე ხდება სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება, გამოყენებულია ერთჯერადი კალმები და არ უწევთ სხვისი ან მეორედი კალმის გამოყენება, რაც კიდევ უფრო ამცირებს რისკს, ხდება ოთახების განიავება და პირბადის გამოყენებაზე თვითონ წარომადგენლების მიერ არის მკაცრი კონტროლი“, – განაცხადა ფერაძემ.