ბექა ძამაშვილი - ჰააგის პროკურორის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ნებისმიერი კითხვის ნიშანი, დაარღვია თუ არა რამე საქართველომ 2008 წლის ომში, საბოლოოდ გამოირიცხა
ოფიციალურად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოს სამხედროებმა 2008 წელს სამხედრო მოქმედებები აწარმოეს საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით, ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რაც შეიძლება, ვინმეს ჰქონოდა, დაარღვია თუ არა რამე საქართველომ ამ ომში, საბოლოოდ გამოირიცხა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში ყველა დავა მოიგო, არც სტრასბურგში, არც ჰააგაში არ გამოკვეთილა არცერთი დარღვევა.
როგორც ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილებები აჩვენებს იმას, რომ 2008 წლის ომში თუ ვინმე არღვევდა რამეს, ეს იყო რუსეთის ფედერაცია.
„პირველ რიგში, მინდა, ჰააგის პროკურორის დღევანდელი გადაწყვეტილება მივულოცო საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით, ჩვენს გმირ სამხედროებს, რომლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ. ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სამხედროებმა 2008 წელს სამხედრო მოქმედებები აწარმოეს საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რაც შეიძლება, ვინმეს ჰქონოდა, საქართველომ დაარღვია თუ არა რამე ამ ომში, საბოლოოდ გამოირიცხა. ჰააგის პროკურორმა საბოლოოდ დახურა გამოძიება 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით. გამოძიება მხოლოდ იმ ნაწილში გაგრძელდება, სადაც გამოკვეთილია დანაშაულები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ეპიზოდებზე. საზოგადოებისთვის როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს პროკურორმა გამოკვეთა ეთნიკური ოსებისა და რუსი გენერლის პასუხისმგებლობა ამ ომში, რომლებმაც ჩაიდინეს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულები. დღევანდელ გადაწყვეტილებაში პროკურორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ დანაშაულები ჩადენილი იყო საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ მას ჰქონდა ეთნიკური ნიადაგი, იყო მასშტაბური. დანარჩენ ეპიზოდში, სადაც შეიძლებოდა, საქართველოს დარღვევა დადგენილიყო, ეს ნაწილი მთლიანად დაიხურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში ყველა დავა სუფთად მოიგო, არც სტრასბურგში, არც ჰააგაში არ გამოკვეთილა არცერთი დარღვევა. სტრასბურგის სასამართლოში 3 300 საჩივარი იყო შეტანილი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის კოორდინაციით და იქაც სუფთად მოიგო საქართველომ ყველა საქმეში. ეს გადაწყვეტილებები სტრასბურგსა და ჰააგაში აჩვენებს იმას, რომ 2008 წლის ომში თუ ვინმე არღვევდა რამეს, ეს იყო რუსეთის ფედერაცია და რუსეთის ფედერაციას დაქვემდებარებული პირები“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა იმ პირთა სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაიცა. კარიმ ხანის განცხადება ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისმა დღეს გაავრცელა.