იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა „თბილისის დეკლარაცია“ მიიღეს
იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა „თბილისის დეკლარაცია“ მიიღეს

კონფერენციამ – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ სასესიო მუშაობა დეკლარაციის მიღებით დაასრულა, რომელიც წარმოადგენს 12-პუნქტიან სახელმძღვანელო დოკუმენტს მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში.

კონფერენციის მუშაობა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ შეაჯამა და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ბევრ საინტერესო და წარმატებულ თანამშრომლობას.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის თქმით, „თბილისის დეკლარაცია“ იქნება დოკუმენტი, რომელსაც მომავალში სხვადასხვა სახელმწიფო გამოიყენებს პენიტენციური სისტემის რეფორმის განხორციელებისთვის.

„საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში დამტკიცებული „თბილისის დეკლარაცია“ არის ძალიან მნიშვნელოვანი 12-პუნქტიანი დოკუმენტი, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა ასახეს ყველა ის მიღწევა, თანამედროვე მიდგომა, რაც დღეს პენიტენციური სისტემის მართვაში გამოიყენება. დაწყებული პენიტენციური სისტემების ინფრასტრუქტურული მდგომარეობით, გაგრძელებული ყველა იმ ინოვაციური პროექტით, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოში ხორციელდება. მათ შორის, დოკუმენტში ასახულია ის ინოვაციური მიდგომები, რაც საქართველომ დანერგა – დაწყებული ონლაინსწავლებით, გაგრძელებული იუსტიციის სახლების სისტემის პენიტეცნციურ სისტემაში გადატანით. შესაბამისად, „თბილისის დეკლარაცია“ იქნება დოკუმენტი, რომელსაც მომავალში სხვადასხვა სახელმწიფო გამოიყენებს პენიტენციური სისტემის რეფორმის განხორციელებისთვის“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში ხვალ დელეგატები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზის გახსნის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.