ბექა ძამაშვილი - ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება კარგი სახელმძღვანელოა, შესაძლებელია თუ არა, კანონმა გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს
„ეკო დიფენსის“ საქმეზე კარგი ფაქტი დაფიქსირდა გასაანალიზებლად. კანონზე, სადაც იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ლიკვიდაცია, საქმიანობის შეზღუდვა, ამ საქმეზეც კი სტრასბურგის სასამართლომ არც დროებითი ღონისძიება გამოიყენა, არც დააჩქარა, ცხრა წლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საკონსტიტუციო განხილვაზე განაცხადა.
ძამაშვილის თქმით, ეს საქმე კარგი სახელმძღვანელოა, შესაძლებელია თუ არა, კანონმა გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს.
„„ეკო დიფენსის“ საქმეზე ძალიან კარგი ფაქტი დაფიქსირდა გასაანალიზებლად. სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში 2013 წელს და როდის გამოვიდა გადაწყვეტილება? 2022 წელს. გესაუბრებით კანონზე, სადაც იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ლიკვიდაცია, საქმიანობის შეზღუდვა და ასე შემდეგ და ერქვა მძიმე სახელი – აგენტი იყო პირდაპირ სახელწოდებაში. ამ საქმეზეც კი, ამ კანონთან მიმართებითაც კი სტრასბურგის სასამართლომ არც დროებითი ღონისძიება გამოიყენა, არც დააჩქარა, ცხრა წელი იხილავდა და ცხრა წლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. ეს თავისთავად აჩვენებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ ჩათვალა, რომ, შესაძლოა, დამდგარიყო ისეთი ზიანი, რომელიც შემდეგ ვეღარ გამოსწორდებოდა, თორემ სხვა შემთხვევაში, მერწმუნეთ, ცხრა წელი განხილვას არ მოანდომებდა.
სტრასბურგის სასამართლომ იმ სახელმწიფოს კანონზე დარღვევა როდესაც დაადგინა, საინტერესოა, რა დააკისრა სახელმწიფოს? სტრასბურგის სასამართლომ მხარეს დააკისრა მხოლოდ ზიანის ანაზღაურება. საქმე თუ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ თვითონ უნდა მიუთითოს, ავალებს ხოლმე სახელმწიფოს, მათ შორის, ზოგად ღონისძიებებს, მაგალითად, საკანონმდებლო ცვლილებებს. „ეკო დიფენსის“ საქმეზე ასე არ ჩათვალა. ანუ ის კანონი, სადაც იყო ლიკვიდაცია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მძიმე სახელდება, საქმიანობის შეზღუდვა, იმ კანონთან მიმართებითაც კი არ ჩათვალა, რომ თვითონ უნდა მიეთითებინა. მინისტრთა კომიტეტმა უკვე კონკრეტული ღონისძიებები როდესაც დააკისრა სახელმწიფოს, რა იყო? ეს იყო ზიანის ანაზღაურება, გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმება ან ხელახალი ჩატარება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ კანონმა თეორიულად რაც უნდა რაიმე დარღვევა გამოიწვიოს რომელიმე ადამიანის უფლების, ეს ვერ იქნება გამოუსწორებელი, ეს ზიანი ავტომატურად გამოსწორებადია სამართლებრივი გზებით. შესაბამისად, ვფიქრობ, განმწესრიგებელ სხდომაზე ეს არის მთავარი სამსჯელო, ხომ არ დადგება გამოუსწორებელი ზიანი, და ცალკე აღებული სტრასბურგის სასამართლოს ეს ერთი საქმე კარგი სახელმძღვანელოა, შესაძლებელია თუ არა გამოუსწორებელი ზიანის დადგომა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.