ბექა დოჭვირი - მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, ვცდილობთ, მაქსიმალური ბალანსი იყოს დაცული შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის
რეგულაციების შემოღებისას, ბუნებრივია, ყველას ინტერესის გათვალისწინება ვერ მოხდებოდა, რადგან პირველ რიგში მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, მაქსიმალური ბალანსი იყოს დაცული შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის, ასევე მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები.
„შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად აღდგეს ეკონომიკა და ამისთვის იდგმება არაერთი ნაბიჯი. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური ბალანსი იქნას დაჭერილი შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის, ასევე მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები. Freedom House-მა გამოაქვეყნა თავისი ანგარიში, სადაც აღნიშნა კიდევაც ის პოზიტიური ტენდენცია, რომ პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება არ გაუარესებულა“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.
ამასთან, მან მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის პაკეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს პანდემიით გამოწვეული წნეხი.
„საკომპენსაციო თანხა ვერ იქნება საკმარისი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს ჩვენ ყველას კარგად გვესმის, უბრალოდ ეს არის ის საკომპენსაციო თანხა, 300-ლარიანი დახმარება, 1 200-ლარიანი დახმარება, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ასევე, ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტები, როგორიცაა ქონების გადასახადისგან გათავისუფლება, სესხების სუბსიდირება და ა.შ. ეს არის ის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს წნეხი, რომელიც მათ პანდემიიდან გამომდინარე აქვთ“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.