ბექა დოჭვირი - დროებითი მმართველი ხელს უწყობს გადაწყვეტილებების ეფექტიანად აღსრულებას, რათა კომპანიამ განაგრძოს მუშაობა და დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მომხმარებლის ინტერესები
კომისიას ისედაც აქვს სანქცირების მკაცრი მექანიზმები, მაგრამ დროებითი მმართველი თავისი ბუნებით არ გახლავთ სანქცირების ინსტრუმენტი, დროებითი მმართველი აღსრულების ინსტრუმენტია, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, დროებითი მმართველის ინსტიტუტის შემოღება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უფრო ეფექტიანად აღსრულებას ისახავს მიზნად.
„დროებითი მმართველის ინსტიტუტი შემოგვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უფრო ეფექტურად აღსრულდეს, რათა არ მოხდეს კომპანიის საბოლოო გაჩერება, კომპანიამ განაგრძოს ფუნქციონირება და ამით დავიცვათ როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ისე მომხმარებლის ინტერესები.
ბუნებრივია, ეს შედის ასევე კომპანიის ეკონომიკურ ინტერესებშიც, რადგან როდესაც ბიზნესსაქმიანობას აგრძელებ, ეს ხელს შეუწყობს კომპანიის შემდგომ განვითარებასა და ეკონომიკურ აქტივობას.
რატომ ახლა? იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ინსტრუმენტი ჩვენთან არ იყო, დავინახეთ, რომ იყო ხარვეზები კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულებაში, ან შესაძლოა მომავალში იყოს ხარვეზები. შესაბამისად, ჩვენ საკანონმდებლო ჩარჩოს ვაკეთებთ, საგაზაფხულო სესიაც სრულდება და თუ ამას ახლა არ მივიღებთ, შემდგომ დროში დაგვიანდება, შესაძლოა, კომისიის საქმიანობა იყოს ნაკლებად ეფექტური, ვიდრე იმ პირობებში, როდესაც ეს კანონი მიღებული იქნება“, – აღნიშნა ბექა დოჭვირმა.