ბექა დოჭვირი - დროებითი მმართველი კომპანიაში მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად შევა
ბექა დოჭვირი - დროებითი მმართველი კომპანიაში მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად შევა

არ უნდა გავიგოთ, რომ დროებითი მმართველი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და განუსაზღვრელი უფლებამოსილებით სარგებლობს. დროებითი მმართველი კომპანიაში შედის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შეასრულოს კომისიის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან განმარტა, თუ რა არის შესაძლებელი არსებული რედაქციით და რა უფლებამოსილება აქვს კომისიას.

„დღეის მდგომარეობითაც, არსებული რედაქციით, კომისიას აქვს კომპანიის დაჯარიმების უფლებამოსილება და უკვე, როდესაც დააჯარიმებს, კომპანია, თუ არ შეასრულებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კომისიას შეუძლია, რომ ავტორიზაცია შეუჩეროს, ან  საერთოდ, კომპანიის საქმიანობა გააჩეროს და ამით მოახდინოს თავისი გადაწყვეტილების არ აღსრულების გამო, კომპანიის სანქცირება.

ბუნებრივია, ასეთი გადაწყვეტილება, რიგ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი. ერთი, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება დაზიანდეს მომხმარებელთა ინტერესები. მომხმარებელთა ფართო სპექტრს შეიძლება შეეხებოდეს ეს და ბუნებრივია, თუ კომპანია შეწყვეტს საქმიანობას, ეს მომხმარებლები დაზარალდებიან. შეიძლება, ერთ შემთხვევაში ვეღარ ისარგებლონ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით და მეორე შემთხვევაში, შეიძლება, ვერ ისარგებლონ ინტერნეტკომუნიკაციით, რაც არის კომისიის რეგულირების სფერო“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი განმარტავს, რომ შეიძლება, კომპანიის ინფრასტრუქტურა წარმოადგენდეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და საქართველოს კანონმდებლობაში არ არის დაზუსტებული აღნიშნული ტერმინი.

„საკომიტეტო მოსმენებზეც ბევრი გაჟღერდა, რომ არ არის დაზუსტებული ტერმინი – კრიტიკული ინფრასტრუქტურა რა არის საქართველოს კანონმდებლობაში. ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ვინაიდან ჩვენ ერთიანი ჩარჩო არ გვაქვს, გვიწევს, რომ კანონებში ცალ-ცალკე, სექტორების მიხედვით განვსაზღვროთ, თუ რა შეიძლება იყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ბუნებრივია, ალბათ ყველანი შევთანხმდებით იმასთან დაკავშირებით, რომ იგივე სატელეკომუნიკაციო, დიდი ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებენ, მათი ინფრასტრუქტურა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს“, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

ბექა დოჭვირმა ხაზი გაუსვა, რომ დროებითი მმართველი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით არ არის აღჭურვილი.

„ანალოგი რომ გავაკეთოთ, ევროკავშირის და არა მარტო ევროკავშირის ქვეყნებში არის ასეთი ინსტიტუტი, როდესაც ეროვნულ მარეგულირებელ კომისიებს შეუძლიათ დაიქირაონ სერტიფიცირებული, მსხვილი კომპანიები, რომლებიც იგივე, თუნდაც წილების შესყიდვაზე, ან კონკურენციის ვალდებულებებს როდესაც უდებს კომისია, ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს იმის რევიზიას, კონკრეტულად რას აკეთებს კომპანია.

შეუძლია, გარკვეულ შემთხვევებში გარკვეული მითითებებიც კი მისცეს კომპანიას. იტალიის მაგალითი იყო, როდესაც თვითონ ბორდშიც კი ჩაუშვეს წევრები და ბორდის კონტროლი განახორციელა მარეგულირებელმა კომისიამ. აქედან გამომდინარე, ახდენს თავისი გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს ერთი-ერთში არ იმეორებს აღნიშნულს, მაგრამ გარკვეული მექანიზმი, ანუ მოდელი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გათვალისწინებულია.

ასევე, ეს ახალი არ არის საქართველოს საკანონმდებლო სივრცისთვის. ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია დროებითი მმართველის დანიშვნა და შესაბამისად, ლიცენზირებად საქმიანობას ვინც ახორციელებს, მათთვის ეს კარგად არის ცნობილი. ეს არ არის მხოლოდ თეორია, რადგან პრაქტიკაშიც, დროებითი მმართველის ინსტიტუტი გამოყენებული ყოფილა და შესაბამისად, ეფექტიანადაც უმუშავია“, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

მან ასევე განმარტა კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებულ ნაწილს ეხება.

„კონკრეტულად, 34-ე და 35-ე მუხლებთან დაკავშირებით ცვლილება ასე დაზუსტდა, რომ 34-ე და 35-ე მუხლების ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ, ანუ თუ დააჯარიმებდა და არ შეასრულებდა ვალდებულებას, კომისია ნიშნავდა მმართველს, უკვე კომპანიას შეეძლო, რომ წასულიყო სასამართლოში და სასამართლოში ედავა, გამოეყენებინა უზრუნველყოფის ღონისძიება, ან თვითონ კომისიის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი გაესაჩივრებინა.

შესაბამისად, დავა როგორც დასრულდებოდა, შემდეგ იქიდან გამომდინარე ეხელმძღვანელათ. ახლა შემოტრიალდა 34-ე და 35-ე მუხლებთან დაკავშირებით – როდესაც სანქცირება, ანუ ჯარიმები არაეფექტური აღმოჩნდება, კომისია მიმართავს სასამართლოს, ისევე, როგორც ეს გახლავთ გათვალისწინებული ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში. სასამართლო კომისიის შუამდგომლობიდან გამომდინარე დანიშნავს დროებით მმართველს.

ბუნებრივია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაც კომპანიას, ან კომისიას არ მოეწონება, შემდგომ შეუძლია, რომ ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გაასაჩივრონ და უკვე ზემდგომმა სასამართლო ინსტანციებმა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.

დატოვე კომენტარი