პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კენჭი უყარეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ერთი იყო. ცვლილებები დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარუდგინა. მისი განცხადებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის ახალ რედაქციაში დავიწროვდა პრინციპები, რა დროსაც კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია.

კანონპროექტში ჩაიწერა, რომ კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, როდესაც ირღვევა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, მომხმარებლის ინტერესები და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო. ბექა დოჭვირის განცხადებით, დროებითი მმართველი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით არ არის აღჭურვილი და კომპანიაში შედის მხოლოდ იმისთვის, რომ კომისიის გადაწყვეტილება შეასრულოს.

აღინიშნა, რომ ზუსტდება 34-ე და 35-ე მუხლებიც, რომლებიც შეეხება ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულებას, სატარიფო რეგულირებას და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებას.

საკომიტეტო მოსმენებიდან გამომდინარე, ცვლილება შეეხო წილების გასხვისების უფლებასაც. კომისიას ენიჭებოდა კომპანიის წილების გასხვისების უფლება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ შეასრულებდა კომისიის გადაწყვეტილებას.

ბექა დოჭვირის განმარტებით, კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული ჩანაწერი ამოღებულ იქნა ამ რედაქციიდან და დროებით მმართველს წილის გასხვისების უფლება არ ექნება. კანონპროექტში თავდაპირველად გაწერილი იყო ხუთი სპეციფიკური ვალდებულება და დარჩა მხოლოდ ორი – 34-ე და 35-ე მუხლები. კერძოდ, დოჭვირის ინფორმაციით, სპეციფიკური ვალდებულებები დაიყო ორ კატეგორიად – გამჭვირვალობის ნაწილი და ინფრასტრუქტურასთან დაშვება.