ბექა ბასილაია - მოსამართლე შალვა თადუმაძეს გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთის დავალება აქვს მიცემული
უზენაესი სასამართლოს კოლეგია 10 თებერვალს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, რომელზეც არ მოისმენს დაცვის მხარის პოზიციას, – ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, არსებობს ეჭვი, რომ მოსამართლე შალვა თადუმაძეს აქვს გიგი უგულავას თავისუფლების აღკვეთის დავალება მიცემული.
„უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა უკვე მიიღეს პირველი პოლიტიკური დავალება და 10 თებერვალს კოლეგია გაბინაშვილისა და დათუმაძის შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ არ მოისმენს გიგი უგულავას ადვოკატისა და გიგი უგულავას პოზიციას, გამოაცხადებს გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის წინანდელ საქმეზე, ე.წ. ფონდის საქმეზე. ეს არის საქმე, რომელიც პირველი ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დასრულდა იმდაგვარად, რომ გიგი უგულავას სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად. დღეს, როდესაც ამ სასამართლომ განაახლა საქმის განხილვა, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ დავალება არის მიცემული დათუმაძისთვის, რომ გიგი უგულავას თავისუფლება იქნეს აღკვეთილი. 10 თებერვალს ისე, რომ ჩვენ სხდომაზეც კი ვერ მივიღებთ მონაწილეობას, გავიგებთ გადაწყვეტილებას, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო თადუმაძემ, რომელიც ამ საქმის საკასაციო საჩივრის მომზადებისას, როდესაც პროკურატურა აწარმოებდა სამართალწარმოებას, იყო გენერალური პროკურორი“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ამასთან ბექა ბასილაიას თქმით, საქმეზე პროცედურული თვალსაზრისით სასამართლოს მხრიდან იკვეთება სერიოზული დარღვევები.
„პროცედურული თვალსაზრისით, სასამართლოს მხრიდან იკვეთება სერიოზული დარღვევები. ეს საქმე საკასაციო წესით გასაჩივრებულია უკვე ერთი წელია. მაშინ, როდესაც საკასაციო საჩივრის განხილვის ვადა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით არის ექვსი თვე. ამავდროულად, ამ საქმეს იხილავს მოსამართლე, რომელიც ამავე პერიოდში იყო გენერალური პროკურორი და ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ მხარის პოზიცია არ იქნება მოსმენილი, ასე აპირებენ ამ საქმის განხილვას“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატის თქმით, პროცესები უკავშირება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
„2017 წელს ზუსტად ანალოგიური ბრალდების საქმეზე ზუსტად ანალოგიური კვალიფიკაციით, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმე წარმოებაში არ მიიღო და ორი წლის თავზე უკვე იღებენ. ამას ვუკავშირებთ იმ ტენდენციას, რასაც ვხედავთ ბოლო პერიოდის მანძილზე პოლიტიკური ოპონენტების დევნის მიმართულებით, რასაც ხელისუფლება ახორციელებს და კონკრეტულად, გიგი უგულავა არის სამიზნედ ამოღებული. ჩვენ გვახსოვს მის მიმართ წარმოებული პროვოკაცია აეროპორტში. ჩვენ გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ ცრუ მოწმე გიორგი კაპანაძე გააქტიურდა და იძლევა ცრუ ჩვენებებს გიგი უგულავას წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ თადუმაძეს აქვს ყალბი დიპლომი, თუმცა ყალბი დიპლომის პირობებშიც კი, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ საქმე, რომელზეც ახორციელებდა საპროკურორო ზედამხედველობას, როგორც მოსამართლემ არ უნდა განიხილოს და ეს არის აპრიორი თვითაცილების საფუძველი“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.