ბექა ბასილაია - გიგი უგულავას საქმეზე მზად ვართ, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად და ყველა კონკრეტული დეტალის ასახსნელად
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პენიტენციურ დაწესებულებაში გიგი უგულავა მოინახულა. უფლებადამცველის თქმით, ის უგულავას გაერთიანებული ოპოზიციის შიგნით შექმნილი კომისიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც ბექა ბასილაიამ განაცხადა გიგი უგულავას საქმეზე მზად არის, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად.
„გიგი უგულავა არის ძალიან მხნედ. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, რადგან ეს პოლიტიკური დევნა, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელში იქცა ტრენდად დასრულდება, როგორც დასრულდება ის დიქტატორული რეჟიმი ქვეყანაში, რაც არის შექმნილი. ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილი და ღია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია როგორც ადამიანის უფლებათა სასამართლოში ამ საქმის წაღებასთან, ასევე ყველა იმ კითხვასთან, რაც შეიძლება არსებობდეს ნებისმიერი საქმის ირგვლივ. ჩვენ მოხარული ვიქნებით, რაც მეტი ადამიანი დაინტერესდება ბიძინა ივანიშვილის ჯამბაზების, თადუმაძის, გაბინაშვილისა და შავლიაშვილის მიერ მიღებული სამარცხვინო გადაწყვეტილების შესწავლით. ღიად ვაცხადებთ, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი. მზად ვართ, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, როგორც ინფორმაციის მისაწოდებლად, ასევე ყველა კონკრეტული დეტალის ასახსნელად. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ მაღალკვალიფიციური იურისტების რეაქციები, რომლებიც ღიად საუბრობენ, რომ ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის აშკარა და მკაფიო დარღვევა“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.