ბექა ბასილაია - 31 ოქტომბერს ოპოზიციის აქციაზე რაფიკ ორუჯოვს ელექტროშოკი თავდაცვის მიზნით ჰქონდა და ეს კანონდარღვევა არ არის
ბექა ბასილაია - 31 ოქტომბერს ოპოზიციის აქციაზე რაფიკ ორუჯოვს ელექტროშოკი თავდაცვის მიზნით ჰქონდა და ეს კანონდარღვევა არ არის

31 ოქტომბრის აქციის დროს რაფიკ ორუჯოვს ელექტროშოკი თავდაცვის მიზნით ჰქონდა და ეს კანონდარღვევა არ არის, – ამის შესახებ სუს-ში გამოკითხვაზე მყოფი აქციის მონაწილის, რაფიკ ორუჯოვის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ი ოპოზიციის აქტივისტების დაშინებას ცდილობს.

ადვოკატის განცხადებით, სუს-ი ცდილობს, საზოგადოებაში ყალბი განწყობა შექმნას, თითქოს ოპოზიცია ძალადობრივ სცენარს გეგმავს.

„არჩევნები ხომ გააყალბეს და ახლა უნდათ სუს-ის ძალით დააშინონ ჩვენი მხარდამჭერები. სუს-მა მოიცალა, რომ ელექტროშოკზე დაიწყო გამოძიება და დასაკითხად დაიბარა რაფიკ ორუჯოვი, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივსიტი, მეწარმე ადამიანი. ელექტროშოკი არ წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ნივთს, არ არსებობს არავითარი რეგულაცია, რომელიც შეიძლება ვრცელდებოდეს ელექტროშოკზე. რაფიკ ორუჯოვი არ არის პირველი, ვისაც არჩევნების საღამოს რუსთაველზე ყოფნის გამო სუს-ი უქმნის პრობლემას.

როდესაც ამ ქვეყანაში დღისით, მზისით, ბედნიერად დაიარება ტერორისტი და სუს-ი იცლის ელექტროშოკებისთვის, ეს არის აფსურდი. რაფიკ ორუჯოვი არის „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერი, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში და დევი ჭანკოტაძესთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველზე. სახელმწიფოს დაქვემდებარეში მყოფი უწყებების ინტერესია, ყველა ის პირი, ვინც არჩევნებს აკვირდებოდა, იყოს დაშინებული. ეს არის ყალბი განწყობის შექმნა საზოგადოებაში, თითქოს ოპოზიციის წარმომადგენლები რაღაც ძალადობრივ სცენარს გეგმავდნენ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოპოზიციის 31 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი მონაწილე რაფიკ ორუჯოვი მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს.