ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასის“ მოთხოვნების მიღება კატასტროფას გამოიწვევს, ჩვენ მალე გავიმარჯვებთ, სრული გამარჯვების გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში სრული გამარჯვება ახლოს არის და უარყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასის“ ბოლო შეთავაზება. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ჩვენ სრული გამარჯვების გზაზე ვართ. ჩვენ მალე გავიმარჯვებთ. ომი დასრულდება რამდენიმე თვეში და არ დასჭირდება წლები“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელის პრიორიტეტია „ჰამასის“ განადგურება, მძევლების დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ წარმოადგენს საფრთხეს ისრაელისთვის. მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ხან იუნისში უპრეცედენტო წარმატებას აღწევენ და ემზადებიან შემდეგი ეტაპისთვის.
„ჩვენ გავაგრძელებთ ბოლომდე. სრული გამარჯვების გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასის“ დამარცხება იქნება „მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება“ და მძევლების დაბრუნება ისრაელის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, სამხედრო ზეწოლა კი გაზრდის ტყვეების გათავისუფლების შანსებს.
„„ჰამასის“ მოთხოვნების მიღება და დამორჩილება კატასტროფას გამოიწვევს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
„ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 135 დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ითვალისწინებს. „ჰამასის“ წინადადების თანახმად, თითოეული ეტაპი 45-დღიანია.