მედიის ინფორმაციით, „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 135 დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ითვალისწინებს
მედიის ინფორმაციით, „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 135 დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ითვალისწინებს

„ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 135 დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ითვალისწინებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, სამეტაპიანი ზავის დროს ყველა მძევალი გათავისუფლდება პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელმა უნდა გაიყვანოს ჯარი ღაზის სექტორიდან და შეთანხმება უნდა დაიდოს ომის დასრულებაზე.

„ჰამასის“ წინადადების თანახმად, თითოეული ეტაპი 45 დღიანია.

პირველ ეტაპზე ისრაელიდან გატაცებული ყველა ქალი მძევალი, 19 წლამდე მამაკაცები და ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფები გათავისუფლდებიან, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ. პირველ ეტაპზე ისრაელმა ასევე უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები დასახლებული ტერიტორიებიდან;

მეორე ეტაპის განხორციელება არ დაიწყება, ვიდრე მხარეები არ დაასრულებენ „არაპირდაპირ მოლაპარაკებებს ორმხრივი სამხედრო ოპერაციების დასრულებისა და სრული სიმშვიდის დასაბრუნებლად საჭირო მოთხოვნებზე“. მეორე ეტაპი მოიცავს დარჩენილი მამაკაცი მძევლების გათავისუფლებას და „ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზის სექტორის ყველა ტერიტორიის საზღვრებს გარეთ“;

ცხედრებისა და ნეშტების გაცვლა მესამე ფაზაში მოხდება. ზავის დროს სექტორის აღდგენა უნდა დაიწყოს. ასევე, უნდა გაიზარდოს საკვებისა და სხვა დახმარების ნაკადი ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

„ჰამასის“ წინადადება არის პასუხი გასულ კვირას კატარისა და ეგვიპტის შუამავლების მიერ გაგზავნილ შეთავაზებაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ღამით ისრაელში ჩავიდა მას შემდეგ, რაც კატარისა და ეგვიპტის შუამავლებს შეხვდა.