შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობაზე დასავლეთში სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა საუბრობენ. ეს თემა უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთმა მთიან ყარაბაღში მშვიდობისმყოფელები განალაგა. ამ ფონზე დასავლეთში სამხედრო ექსპერტების ნაწილი მოუწოდებს ჩრდილოატალნტიკურ ალიანსს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან. ამ თემაზე ვესაუბრეთ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილ მეთაურ ბენ ჰოჯესს.
– მინდა, საუბარი დავიწყო თქვენი საავტორო სტატიებით და ინტერვიუებით, რომლებშიც თქვენ ლაპარაკობთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროები მშვიდობისმყოფელების სტატუსით განლაგდნენ. თქვენი მოსაზრებით, რა უნდა მოიმოქმედოს ნატო-მ ამ ვითარებაში?
– უპირველეს ყოვლისა, უნდა ვაღიაროთ შავი ზღვის რეგიონისა და კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ვიდრე შევაფასებთ საქართველოს ან უკრაინას, აუცილებელად უნდა შევხედოთ რუკას. მე ყოველთვის თან მაქვს რუკა. თუ შევხედავთ შავ ზღვას, მიხვდებით რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია კრემლისთვის. სწორედ ამიტომ გამოიყენეს მათ ძალა უკრაინაში შეჭრისთვის და ამიტომ აქვთ ოკუპირებული დნესტრისპირეთი და საქართველო. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ მათ სრული უფლება აქვთ, შავი ზღვა საკუთარი აქტივობებისთვის გამოიყენონ. რუსეთს ნამდვილად არ სურს, რომ შავი ზღვის რეგიონის რომელიმე სახელმწიფო დასავლეთთან იყოს ინტეგრირებული, არც ეკონომიკურად, არც პოლიტიკურად და ცხადია, არც სამხედრო კუთხით. ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ არასდროს მიგვიქცევია ყურადღება შავი ზღვის რეგიონისთვის, როგორც სტრატეგიული ტერიტორიისთვის; არ გვიფიქრია, რომ ეს არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფანი ევრაზიასა და ევროპას შორის. ასეთი დერეფანი სულ სამია. ერთ-ერთი რუსეთზე გადის, მეორე ირანზე და მესამე საქართველოსა და აზერბაიჯანზე. სწორედ ამიტომაა ეს რეგიონი ასეთი მნიშვნელოვანი. ის მნიშვნელოვანია კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ეს კი კრემლის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. თუ დავუბრუნდებით რუკას, გავაცნობიერებთ, რომ გაცილებით უკეთეს მდგომაროებაში ვიქნებით, თუ შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საქართველო ნატოს წევრი იქნება, ხოლო შავი ზღვის მეორე მხარეს იქნება ასევე ნატო-ს წევრი რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი. ეს გააუმჯობესებდა უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კრემლს არ უნდა კონფლიქტი ნატო-სთან. ისინი იყენებენ ძალას ნატო-ს არაწევრი სახელმწიფოების მიმართ, თუმცა ნატო-ს წევრების წინააღმდეგ ამას არ გააკეთებენ. მათ არ სურთ კონფლიქტი ერთდროულად 30 სახელმწიფოსთან. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, როდესაც საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რუსეთის მხრიდან საქართველოში შეჭრის შანსები მნიშვნელოვანად შემცირდება.
– ახლა ჩვენ ვიმყოფებით იმ მდგომაროებაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან რუსეთის ძალები. რას ფიქრობთ ამ სიტუაციაში, შუძლია ნატო-ს საქართველოს გაწევრიანება, თუ ეს მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ მოხდება? რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
– პირველ რიგში, საქართველოს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს საზოგადოება იყოს მტკიცე და ძლიერი; რომ საქართველოში ლიბერალური ინსტიტუტები მუშაობდეს, მათ შორის არჩევნები, მედია. სასამართლო პროცესები იყოს გამჭვირვალე, მტკიცე და ძლიერი, რომ მათ გაუძლონ მავნე ზეგავლენას, რომელიც კრემლიდან მოდის. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია – მეგობრები, რომლებიც საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება. აშშ-მა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ საქართველო არის პარტნიორი და რომ ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ საქართველოს მხარდასაჭერად. მაგალითად, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ჰქონდა რუსეთის სამხედროებს საქართველოს საჰაერო სივრცეში გადაადგილების უფლება, მაშინ როდესაც ქვეყნის 20%-ი რუსების მიერაა ოკუპირებული. შეიძლება, მართლაც არის რაიმე ჭკვიანური ახსნა-განმარტება, თუმცა ჩემთვის ეს გაუგებარია. ამასთან ერთად, საქართველო უნდა გახდეს უფრო მიმზიდველი დასავლური ბიზნესისთვის, რათა მათ საქართველოში ინვესტიციები დააბანდონ და თუ ასე მოხდება, მაშინ ისინი ყურადღებას მიაქცევენ საქართველოში მყოფ რუს ჯარისკაცებს და იკითხავენ, რატომ არიან რუსი სამხედროები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“? გერმანულ, ჰოლანდიურ, ბრიტანულ და ამერიკულ ბიზნესს აუცილებლად გაუჩნდება სურვილი, რომ მათი ინვესტიციები უსაფრთხოდ იყოს. კერძო ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვახდენ იმ ვერსიის ადვოკატირებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატო-ში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე უნდა გაწევრიანდეს, მაგრამ არსებობს პრეცედენტი. გერმანიის დასავლეთ ნაწილი გაწევრიანდა ნატოში 1956 წელს და ეს იმ პირობებში მოხდა, როდესაც მილიონობით საბჭოთა ჯარისკაცი ჯერ კიდევ იმყოფებოდა გერმანიის აღმოსავლეთში. წლების შემდეგ, როდესაც გერმანია გაერთიანდა, ქვეყნის აღმოსავლეთიც გახდა ნატო-ს ნაწილი. ასეთი პრეცედენტი არსებობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უნდა მივცეთ უფლება კრემლს, დაადოს ვეტო ცალკეული სახელმწიფოების გადაწყვეტილებებს. თუ კრემლში მსხდომ პირებს ჰგონიათ, ვიდრე რუსი სამხედროები არიან აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, საქართველო ვერ გაწევრიანდება ნატო-ში, მაშინ ჩვენ უნდა დავარღვიოთ ეს წინაპირობა. დასავლეთმა ყოველდღე უნდა მოჰფინოს ნათელი იმ ფაქტს, რომ რუსი სამხედროები საქართველო 20 პროცენტის ოკუპაციას აგრძელებენ. ამაზე ყოველდღე უნდა ვისაუბროთ. მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა არ გააკეთებს ამას, თქვენს ნაცვლად ამას ვერავინ იზამს.
– თქვენ გქონდათ სამსახურებრივი ურთიერთობა ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნებთან. როგორ ფიქრობთ, მზადაა საქართველო სამხედრო თვალსაზრისით ალიანსში გაწევრიანებისთვის და რომელია ის სახელმწიფო, ვინც ამას არ ეთანხმება?
– ქართველი სამხედროები, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ ავღანეთში, ყოველთვის საუკეთესოდ იყვნენ მომზადებული, როგორც წვრთნის ისე დისციპლინის კუთხით. ისინი საქმეს შესანიშნავად ასრულებდნენ. საქართველოს სამხედრო შესაძლებლობებთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ასევე, მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველომ რამდენიმე წლის წინ მიიღო და შეიმუშავა – თავდაცვის კონცეფცია. ამ კონცეფციის მიზანია, საქართველო იყოს მაქსიმალურად თავსებადი ნატო-ს ძალებთან, რათა მეგობრები საჭიროების შემთხვევაში დროულად დაუდგნენ საქართველოს გვერდით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება და საჰაერო თავდაცვა, დეზინფორმაციისგან დაცვა. საქართველომ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების კუთხით. საქართველომ და უკრაინამ გაცილებით მეტი იციან, თუ რას აკეთებს რუსეთი შავ ზღვაში, ვიდრე ეს აშშ-ში იციან, რადგან თქვენ ადგილზე ხართ. თქვენ იცით ენები, იცნობთ გეოგრაფიას და სიტუაციას მუდმივად აკვირდებით. ამიტომ ჭკვიანური იქნებოდა, რომ საქართველომ და უკრაინამ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მიზნით თანამშრომლობა გააღრმავონ ასევე თურქეთთან, რუმინეთთან და იმედი მაქვს აშშ-იც იქნება ამ თანამშრომლობის მონაწილე. ასევე, მნიშვნელოვანია მეტი სამხედრო წვრთნის ჩატარება. ასევე, ვისურვებდი, რომ საქართველომ მიიწვიოს აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რათა მათ საქართველოში ინფრასტრუქტურა განათავსონ. არ მაქვს საუბარი დიდ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ შეიძლება, ეს იყოს საჰაერო ოპერაციების დამხმარე ინფრასტრუქტურა. მაგალითად, თვითმფრინავების საწვავით გამართვა და ასევე სახმელეთო ძალებისთვის ამუნიციის და სხვა საჭირო რესურსების მარაგის საწყობი. ვგულისხმობ ნივთებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კრიზისის დროს ან წვრთნებისთვის. ასევე, ვფიქრობ, საქართველო ანაკლიის პორტს თუ ააშენებს, ეს კარგი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში, ამერიკის ფლოტს ხომალდები საქართველოში ვიზიტს უფრო ხშირად შეძლებენ. სწორედ ამას ვგულისხმობ ინფრასტრუქტურაში. მე არ ვსაუბრობ სამხედრო ძალების მუდმივ განთავსებაზე, არამედ ვგულისხმობ როტაციულ ძალებს. ეს წაახალისებდა აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს, უფრო ხშირად ჩავიდნენ საქართველოში. ასევე, ვისურვებდი, ამის ნებართვას საქართველო თუ გასცემს, აშშ-ს საქართველოში გაეხსნა ბაზა, რომელსაც ვაშინგტონი გამოიყენებდა სირიაში ან ერაყში პრობლემების საპასუხოდ სამხედროების გაგზავნისას. ასეთი ბაზის საქართველოში გახსნა შეიძლება, იყოს სასარგებლო. მთავარი კი მიზანია, რომ აშშ-მა და ნატო-მ შავ ზღვაში ინიციატივა ხელში ჩაიგდონ და მუდმივად მხოლოდ კრემლის საპასუხოდ არ მოქმედებდნენ. პირიქით, კრემლს უნდა ვაიძულოთ რეაგირება ჩვენს ნაბიჯებზე. ეს არ არის პრვოკაციული ქმედება. რუსეთს პროვოცირება არ სჭირდება. რუსეთი საქართველოში და უკრაინაში იმ პერიოდში შეიჭრა, როდესაც რუსეთის მიმართ ჩვენი მიდგომა ყველაზე რბილი იყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენ გერმანიიდან ყველა ტანკი გავიყვანეთ. ამიტომ რუსეთის პროვოცირებაზე არ უნდა ვინერვიულოთ.
– ასევე, მინდა გკითხოთ ნატო-ს ექსპერტების მიერ მომზადებულ ანგარიშზე, რომელშიც საუბარია ალიანსის სამომავლო განვითარებაზე, როგორც ფიქრობთ, რამდენად არის ასახული ამ დოკუმენტში შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა და საქართველოს მისწრაფებები?
– ქართველი რომ ვიყო, ოპტიმისტურად ვიქნებოდი განწყობილი. ეს პოზიტიური ანგარიშია, რომელშიც ხაზგასმულია შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა. ეს დოკუმენტი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზეც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ექსპერტთა ამ ჯგუფის მონაწილეებს ანგარიშის შედგენისას კონსენსუსისთვის უნდა მიეღწიათ. რაც მთავარია, ამ ჯგუფში იყვნენ გერმანელები და ფრანგებიც. ამიტომ ამ დოკუმენტს დადებითად ვაფასებ. მთავარი არის, რომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა, რათა ვაშინგტონში, ბრიუსელსა და ბერლინში, ისევე, როგორც პარიზსა და ლონდონში, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერება ამაღლდეს. ჩემი აზრით, ეს შესაძლებელი იქნება თუ საქართველო, უკრაინა, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი ერთად იმოქმედებენ; ვაშინგტონისა და ბრიუსელის ყურადღების მიქცევას ერთად ეცდებიან.
და ბოლოს, დავუბრუნდები ასევე დიდ ინვესტიციებს. თუ თქვენ მოიზიდავთ დიდ ფულს ინფრასტრუქტურაში, უსაფრთხოება აუცილებლად გაძლიერდება.
– თქვენ ახსენეთ გერმანია და საფრანგეთი, თქვენი ეს ფრაზა ხომ არ ნიშნავს, რომ სწორედ ეს სახელმწიფოები არიან საქართველოს ნატო-ში გაწვერიანებისადმი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილნი?
– ნამდვილად არ მინდა, რომელიმე ქვეყანას ხელი დავადო, მაგრამ ვიტყვი შემდეგს – გერმანია არის აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე და ამავდროულად, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს კრემლის ქცევაზე. აშშ-მა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს გერმანიის მთავრობასთან, რათა კრემლზე ზეწოლა შენარჩუნებული იყოს. ჩვენ ასევე უნდა წავახალისოთ საფრანგეთი, რათა პარიზმა ასევე გააგრძელოს ზეწოლა კრემლზე. მაგრამ ყველაფერი მაინც აშშ-ზეა დამოკიდებული. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია მკაფიო არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა გააფართოვა აშშ-ის წარმომადგენლობა გერმანიაში და ზოგადად, ევროპაში, მას რეალურად არასდროს დაუგმია კრემლი. იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია იმუშავებს საფრანგეთთან და გერმანიასთან, რომ მოახდინონ ზეწოლა მოსკოვზე, რათა კრემლი პატივისცემით მოეკიდოს საერთაშორისო კანონმდებლობას და სუვერენულ საზღვრებს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთზე დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა. რუსეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ, როდესაც ის საერთაშორისო ნორმებს არღვევს. აშშ, გერმანია და საფრანგეთი ამ საკითხზე ერთად თუ იმუშავებენ, შედეგების მიღწევა შესაძლებელი იქნება.