ბელიაშვილზე მომხდარი ინციდენტის უშუალო მონაწილეები ჟურნალისტებთან საუბარს დღეს თავს არიდებენ
ბელიაშვილზე მომხდარი ინციდენტის უშუალო მონაწილეები ჟურნალისტებთან საუბარს დღეს თავს არიდებენ

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე სტადიონის მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლები დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივას, ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის ჩატარების თაობაზე, დადებითად აფასებს. ისინი ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მეზობლებთან დაპირისპირება არასდროს ჰქონიათ.

დაპირისპირების უშუალო მონაწილეები დღეს ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებენ.

მეზობლები ამბობენ, რომ ინციდენტის შემდეგ ჩხუბში მონაწილე უცხოელი სტუდენტებიც არ გამოჩენილან.

„ძალიან კარგი ინიციატივაა, თუმცა ჩვენ არ ვყოფილვართ დამნაშავეები და თავდამსხმელები. ჩვენ არასდროს არ მიგვინიშნებია მათი კანის ფერზე. მათ კარგად იციან საკუთარი უფლებების შესახებ და რაღაც სიტუაციებში შეიძლება, აქეთ მოგვდონ შარი და ჩვენ დამნაშავეები გამოვიდეთ“, – ამბობს პირველ არხთან საუბარში სოფიო სიხარულიძე.

ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, სოციალურ ქსელებში არასწორი კომენტარები ვრცელდება.

„ჩვენ საჩხუბარი არაფერი გვაქვს. არასწორი კომენტარები ვრცელდება სოციალურ ქსელში. მათ აქ არავინ ჩაგრავს, პირიქით, სულ მოდიან და თამაშობენ ამ მოედანზე. აქ არავინაა მათ მიმართ აგრესიულად განწყობილი“, – ამბობს თეა გეგეშიძე.

პირველ არხთან საუბრისას ამხანაგური მატჩის იდეას მიესალმებიან სხვა უცხოელი სტუდენტებიც, რომლებიც ამავე კორპუსებში ცხოვრობენ, თუმცა ინციდენტში არ მონაწილეობდნენ. მათი თქმით, მეზობლებთან კარგი ურთიერთობა აქვთ და მათგან რასობრივი დისკრიმინაცია არ განუცდიათ.

თბილისის მერი კახა კალაძე ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით დღეს მთავრობის სხდომაზე გამოვიდა და მატჩის ორგანიზებასთანდაკავშირებით თხოვნით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მიმართა.