ბელგიის ვიცე-პრემიერმა საქართველოს საქმეთა მინისტრს ბელგიის საფეხბურთო ნაკრების წევრების ხელმოწერებით ბურთი აჩუქა
ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერმა, დიდიე რეინდერსმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბელგიის საფეხბურთო ნაკრების წევრების ხელმოწერებით ბურთი აჩუქა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური საკითხების გარდა, მსოფლიო ჩემპიონატზეც ისაუბრეს.
„არ მინდა, გავუშვა ეს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ბელგიელი კოლეგებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ბელგიას აქვს ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი და მინდა, ჩვენს ბელგიელ კოლეგებს წარმატება ვუსურვო“, – აღნიშნა პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავად დავით ზალკალიანი ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივარია, თუმცა მან ბელგიელ კოლეგას წარმატებული მატჩი უსურვა და სურათი აჩუქა.
„მადლობას გიხდით, რომ დღევანდელ მატჩზე წარმატება გვისურვეთ. 2018 წელს ჩვენ გვქონდა ორი მთავარი გამოწვევა, პირველი იყო 8 ივლისს, გაერო-ს უშიშროების საბჭოში მუდმივმოქმედ წევრად არჩევა, რაც ჩემი სამუშაო იყო და შესრულდა კიდეც. მეორე კი ისაა, რომ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 15 ივლისს, აქ კი მე მხოლოდ მხარდამჭერი ვარ. ვგულშემატკივრობ ჩვენს შესანიშნავ გუნდს და თუ თქვენს სიტყვებს დავესესხები, ბელგია შესაძლოა, ერთადერთი გუნდია, ვინც ისევე კარგად თამაშობს, როგორც ბრაზილია“, – აღნიშნა დიდიე რეინდერსმა.
დღეს ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ბრაზილიის ნაკრებს ხვდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი მაყურებელს 22:00 საათზე შესთავაზებს.